სად მიდის სამუშაოდ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე?

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის წევრი გახდა. შენგელია უნივერსიტეტში მედიცინის სკოლას უხელმძღვანელებს.
“ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში.
სასიამოვნო სირთულე და დიდი პასუხისმგებლობაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU)ახალ ეტაპზე გადასვლა, სადაც საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ.
KIU არის უნიკალური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. თანამედროვე ინფრასტრუქტურით და საერთაშორისო სტანდარტებით ის მომავლისკენ მიმართული ხედვაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ მედიცინის სკოლა თანამშრომლობს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტთან, რაც მომავალი მედიკოსებისთვის მაღალხარისხოვან, ევროპულ განათლებას უზრუნველყოფს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მათ განათლებაში განხორციელებული უპრეცედენტო ინვესტიციისთვის.
ჩემთვის კი ეს არის პატივი და პასუხისმგებლობა, ვიყო ამ დიდი გუნდის ნაწილი. წინ დიდი საქმეები გველის, წარმატებას ვუსურვებ KIU-ს და თითოეულ კოლეგას,”-ამბობს ირაკლი შენგელია.