“რეგიონული განვითარებისთვის 725 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, რაც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, სკვერებისა და ბაღების მოწესრიგებას, წყლის პროექტებს”

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა და კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე 2024 წელს რეგიონებში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე წლის დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
“წელს რეგიონული განვითარებისთვის 725 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, რაც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, სკვერებისა და ბაღების მოწესრიგებას, წყლის პროექტებს, კულტურის სახლების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებს.
ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მართვისა და ნორმატიული აქტების გაუმჯობესებაზე.
კომიტეტისა და სამინისტროს აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.