საქნახშირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური სასწავლო პროგრამა ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც 800 სპეციალისტს გადაამზადებს-ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თავად ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამა 2 თვიან სალექციო კურსს და 1 თვიან პრაქტიკულ მეცადინეობებს აერთიანებს, რომელიც ჯამში 200 საათს მოიცავს.
სპეციალისტები 14 მიმართულებით გადამზადდებიან: მიწისქვეშა გზის მოხელეები, მექანიკოსები და ენერგეტიკოსები, ამწე მანქანის მემანქანეები, მიწისქვეშა წმენდითი სანგრევის სამთო მუშები, ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის მემანქანეები, ოპერატორები, მიწისქვეშა ოსტატ-ამფეთქებლები, მიწისქვეშა მელულე-მესახელურეები, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების უბნის მიწისქვეშა სამთო მუშები, ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა სამთო მუშები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, მიწისქვეშა გამყვანები, ზეინკლები, ზეინკალ-ოპერატორები და ელექტრო ზეინკლები.
“აღნიშნული სპეციალობები 4 ჯგუფად დაიყოფა. 2 თვიანი თეორიული კურსის დასრულებისთანავე, დაიწყება პრაქტიკული კურსი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქნახშირის სპეციალისტები გაუძღვებიან.
წიაღისეულის დამუშავების ტექნოლოგიის სპეც კურსს პროფესორი გელა მაჩაიძე გაუძღვება, შრომის უსაფრთხოების პროგრამას თემურ კუნჭულია, ელექტრო მექანიკოსების მომზადების კურსს პროფესორი რეზო მოლოდინი, ხოლო წიაღისეულის გადამუშავება-გამდიდრების კურსს პროფესორი ზაურ არაბიძე გაუძღვებიან.
შეგახსენებთ, რომ პროგრამას სრულად აფინანსებს საქნახშირი და მაქსიმალურად მორგებულია კურსის მონაწილეების გრაფიკზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
2024 წლის ბოლოს, საქნახშირმა დახრილი ჭაურის მშენებლობის დაპროექტებაზე მუშაობა დაასრულა. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. პირველ ეტაპზე საქნახშირს 181 თანამშრომელი დასჭირდება. უფრო კონკრეტულად: 90 გამყვანი, 30 სამთო მუშა, 24 ელექტრიკოსი, 10 ოსტატ-ამფეთქებელი, 10 სამთო კომბაინის მემანქანე, 6 ინსპექტორი, 7 სამთო ოსტატი, ასევე, მექანიკოსი, უბნის უფროსი, უბნის უფროსის მოადგილე და დამხმარე.
საქნახშირი ყველა მსურველს კვალიფიკაციის მაქსიმალურად ამაღლების ან/და ახალი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას სთავაზობს. მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით ახალ, თანამედროვე სტანდარტების საწარმოში დასაქმებისა და მაღალი ანაზღაურების მიღების გარანტია ექნება ყველას. ამიტომ, აღნიშნული კურსის წარმატებით ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც დასაქმებულებისთვის, ისე მომავალი თანამშრომლებისთვის.
წარმატებებს ვუსურვებთ ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების საქმეში ჩაერთო,”-აცხადებენ კომპანიაში.