რეკლამა

შეიძლებოდა თუ არა შოვის სტიქიის თავიდან აცილება?

შეიძლებოდა თუ არა შოვის სტიქიის თავიდან აცილება?

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მედიას შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალა გააცნო. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მასალები კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ინფორმაციას, რაც პირველად დასკვნაში იყო მოცემული.

"მონაცემები, რომელიც ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან, ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას, წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ  ჩვენ გვქონდა წყლის დონის მზომი სადგურიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება. ეს იყო ძალიან მყისიერი, ასე ვთქვათ, კლდეზვავური მასის ჩამოშლა. ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში უმოკლეს ვადებში. ასეთი სტიქიური მოვლენების დროს საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან. რამდენიმე მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, მივიღეთ სტიქიის ასეთი მასშტაბები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მედიასთან საუბრისას, ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების საკითხს.

"ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების დამონტაჟებას, რომლებიც სპეციალისტებს ადრეულად, ამინდის და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირების საშუალებას მისცემს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ორასი სადგური არსებობს დღესდღეობით, ასის დამონტაჟება მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალა, მედიასთან შეხვედრამდე, ნინო თანდილაშვილმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან, გარე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები