რეკლამა

თამარ მეფის სამოსით გამოცდაზე-გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია

თამარ მეფის სამოსით გამოცდაზე-გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია

საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილე ხატია ცარციძე გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოცხადდა. 

"შეიძლება ითქვას, რომ გამოცდების ჩაბარება ჩემი ჰობია. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ეს ჩემთვის მეოცე გამოცდაა (ვგულისხმობ როგორც ერთიან ეროვნულ, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდებს).  

როგორც წესი, გამოცდებს წარმატებით ვაბარებ, თუმცა ინტერესების მრავალფეროვნების გამო ხშირად ვიცვლი მიმართულებას. 
პროგრამა, რომელზეც წელს ვაბარებ, სპორტის მენეჯმენტია.

4 წლიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ვთამაშობდი „ტელევიზიობანას“ ჩემი ხელით გაკეთებული ქაღალდის მიკროფონით და ვაწვდიდი "მაყურებელს“ ინფორმაციას, თუ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე.

 ოცნებები ხდება და ჩემი ისტორია ამის მაგალითია - სპორტული ჟურნალისტი ვარ, ახლახან გასაშუქებლად ვიმყოფებოდი სწორედ  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე და შემდეგ ფინალზე! სიმბოლურად, თამაშზე ჩემი ბავშვობის ქაღალდის “მიკროფონიც “ წავიღე. 

ემოციებს ალბათ მიხვდებით - ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთი საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ევროპამ ახალი საქართველო ნახა და გაიცნო.

 ჩემპიონატი დასრულდა. მე საქართველოში გუშინ ჩამოვფრინდი და საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც გუშინვე გავედი. პირობა დავდე - თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში იასპარეზებდა, გამოცდაზე თამარ მეფის სამოსით გამოვცხადდებოდი - პირობა, რა თქმა უნდა, შევასრულე. 

რატომ მაინცდამაინც თამარ მეფე? 
- ჩემთვის საქართველოს წარმატებასთან, გამარჯვებასთან ასოცირდება. ამ სამოსზე ზემოდან გადაცმული მქონდა საქართველოს ნაკრების მაისური, რომელიც ასევე უკვე იქცა ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის ქვეყნის წარმატების სიმბოლოდ,"-ამბობს ხატია ცარციძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები