ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უსახლკარო და განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება.
როგორც ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე პროგრამისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი და წლის ბოლომდე 2 ოჯახს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.
"პროგრამა გამიზნულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულა) უსახლკარო ან/და განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის.
პროგრამაში ჩართვის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისისა, განცხადებით უნდა მიმართოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას. (განცხადებაში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან შეძენის თაობაზე).
უსახლკარობის შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ქვეყნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან) ოჯახის ყველა წევრზე, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა საცხოვრებლად უვარგისი სახლის შესახებ.
საცხოვრისის მშენებლობის შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, პირს/ოჯახს ჰქონდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. საცხოვრისის შესყიდვის შემთხვევაში კი განმცხადებელმა უნდა მოიძიოს და მუნიციპალიტეტში განცხადებით წარადგინოს შესაბამისი ბინა/სახლი შესყიდვის მიზნით (არაუმეტეს 50 000 ლარის ღირებულებით).
ბენეფიციარები შეირჩევიან სპეციალური კომისიის მიერ. შეფასება მოხდება ქულობრივი სისტემით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით.
გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.