რეკლამა

ქუთაისის აეროპორტიდან უშგულამდე ჩასვლას 6 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება

ქუთაისის აეროპორტიდან უშგულამდე ჩასვლას 6 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება

ლენტეხისა და მესტიის გვირაბით დამაკავშირებელი გზის პროექტი ღირებულებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე არ იქნა მიჩნეული ეკონომიკურად მიზანშეწონილად - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო BMG-ის კითხვის საპასუხოდ წერს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე 2017 წელს აცხადებდა, რომ საბოლოო ვარიანტი მთავრობას 2018 წელს უნდა წარდგენოდა. თუმცა, 2020 წლის 19 თებერვალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა და ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. ამის შემდეგ, აღარაფერია ცნობილი პროექტზე, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესი დიდი რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელ გზად მიიჩნევს.

პროექტის მიხედვით, გზა სათავეს იღებდა ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან და მდინარე ლასკადულას ხეობით მესტიისკენ მიემართებოდა. 14 კილომეტრის შემდეგ გათვალისწინებული იყო 9-კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბის მოწყობა. გვირაბის გავლის შემდეგ 12 კმ სიგრძის საპროექტო მონაკვეთი ლაილაჭალას ხეობის გაყოლებით მესტიისკენ მიდიოდა, სადაც მდინარე ენგურის გადაკვეთით, მესტიამდე მისასვლელ მოქმედ საავტომობილო გზას უნდა შეერთებოდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამბობს, რომ გზის მშენებლობა 800 მლნ ლარი ჯდებოდა, რის გამოც, ეკონომიკურად არამიზანშეწონილად ჩაითვალა და მის ნაცვლად, ახლა ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი ალტერნატიული პროექტი მიმდინარეობს.

"ლენტეხისა​ და მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა 2019 წელს. პროექტის სავარაუდო ღირებულება იყო 800 მილიონი ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო საგზაო ქსელის განვითარება, ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, მისი საპროექტო ღირებულებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე არ იქნა მიჩნეული ეკონომიკურად მიზანშეწონილად.

ზემო და ქვემო სვანეთის დაკავშირების მიზნით კი, ამჟამად ხორციელდება ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საიდანაც საფარი უკვე მოწყობილია 40 კმ გზაზე. პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება და მისი ჯამური ღირებულება 100 მილიონი ლარია. ეს პროექტი წარმოადგენს რეგიონების ერთმანეთთან უმოკლესი მარშრუტით დამაკავშირებელი საგზაო პროექტების კატეგორიას და იმერეთი-რაჭის, იმერეთი-სამცხე ჯავახეთის და სამცე-ჯავახეთი-აჭარის საგზაო მონაკვეთების მსგავსად, ერთმანეთს დააკავშირებს ლენტეხსა და მესტიაა (ქვემო და ზემო სვანეთი). ამით, ქვეყანაში შევქმნით კიდევ ერთ ახალ მარშრუტს ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. შესაბამისად, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდგომ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უშგულამდე ჩასვლა 6 საათის ნაცვლად 3 სთ-ში გახდება შესაძლებელი. ამასთან, აღნიშნულ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია გზის მიმდებარე 3 მუნიციპალიტეტის 31 სოფლისთვის", - წერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

შეგახსენებთ, პროექტთან დაკავშირებით პირველი დაპირება 2016 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გაიცა. ლენტეხი-მესტიის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად, 2018 წელს მთავრობამ ხორვატიულ კომპანიას 4.7 მლნ ლარი გადაუხადა. გარემოს დაცვის მინისტრის 2021 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით კი, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნა ძალადაკარგულად გამოცხადდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები