მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. 19 თებერვლის სხდომაზე საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო წინადადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს იმ დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა.
როგორც პროფკავშირები იტყობინება, გაერთიანებამ ეს საკითხი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე რამდენჯერმე უკვე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით, 40% შეადგენდა 636 ლარს, როცა საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი ქვეყანაში 260 ლარით ნაკლები იყო. 2023 წელს კი საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა, რომლის 40%-ს 742 ლარი შეადგენს.
რაც შეეხება იმ ადამიანთა რაოდენობას, ვისზეც პროფკავშირების ინიციატივა აისახება მისი დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით 163 000-ს შეადგენს, ვინაიდან 2023 წლის დეკემბერში, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 700 ლარზე ნაკლებ ხელფასს 162 739 პირი იღებდა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირებმა პარლამენტში გასულ წელს წარადგინა და ის პარლამენტის ბიუროზე 2023 წლის ოქტომბერში განიხილეს, რომლის გადაწყვეტილებითაც ინიციატივის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტს დაევალა.
„ციფრები ყოველთვის ყველაზე ნათლად ცხადყოფს ვითარებას - სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 12 555 ადამიანს, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი დაქირავებით დასაქმებულთა 5,6%-ს. ყველაზე მაღალხელფასიანი 277 დასაქმებული იღებდა იმდენივე ხელფასს, რასაც 300 ათასამდე დაბალანაზღაურებადი დასაქმებული ერთად აღებული, ხოლო 56 000 მაღალხელფასიანი პირი იღებდა იმდენივეს, რამდენსაც 700 000 სხვა დასაქმებული. შემოსავლებში ასეთი დიდი სხვაობა დასაქმებულთა ნაწილს სიღარიბის ზღვარს მიღმა ტოვებს, სახელმწიფოს კი იძულებულს ხდის, საარსებო შემწეობა გასცეს დასაქმებულ პირებზეც.
მინიმალური ხელფასის დაწესება, მის აღსრულებაზე ზედამხედველობა და მისი პერიოდული გადასინჯვა ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, ღირსეულ დასაქმებას, სამართლიანი სახელფასო სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კოლექტიური შრომითი დავებისა და გაფიცვების, სოციალური კონფლიქტების შემცირებას. შემცირდება ხელფასებს შორის არსებული მწვავე უთანასწორობა, გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა, სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებელი, დამსაქმებელთა სოციალური პასუხისმგებლობის მეტწილად დაბალი დონე, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე. თუმცა, სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, სხვა ბევრი გამოწვევაცაა დასაძლევი, მათ შორის, აუცილებელია, პროგრესული გადასახადების დაწესება“, - აცხადებენ პროფკავშირებში.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური მინიმალური ხელფასი 1999 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა და ის 20 ლარს შეადგენს.