ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა იწყება. პროექტში 60-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდებს ინტენსიური და საინტერესო სამუშაო პროცესი ელოდებათ KIU-ს კამპუსში.
სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებისა და მენტორების ჩართულობით, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ ახალ იდეებს, მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული სტარტაპების გარშემო, მოამზადებენ ინოვაციური პროექტების მოდელებს და, უკვე ფინალურ ეტაპზე, საბოლოო პროექტებს წარუდგენენ ჟიურის. გამარჯვებული გუნდებისთვის სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაა გათვალისწინებული.
ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში პროექტში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.