საინფორმაციო სააგენტო Topnews.ge ახალ პროექტს, სახელწოდებით "ჩემი ექიმი" იწყებს. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო თავიანთ სფეროში მისაბაძ და საამაყო ყველა იმ ექიმს გაგაცნობთ, რომელთაც პაციენტები ყველაზე ძვირფასს-სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდობენ.
რუბრიკის პირველი სტუმარი ახალგაზრდა, წარმატებული მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძეა. თეონა "კლინიკა ბომონდი"-ს გუნდის წევრია. ამბობს, რომ პროფესიის არჩევა ძალიან ბუნებრივად და თავისთავად მოხდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში ექიმების მესამე თაობას წარმოვადგენ, მათ არასოდეს მიუთითებიათ ან ურჩევიათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი. მე და ჩემმა ძმამ ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და ცხოვრება მედიცინას დავუკავშირეთ. ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში თავად ამ საქმისადმი სიყვარულია ამომავალი წერტილი. ყველა საქმიანობას ახლავს გარკვეული სირთულეები და თუ შენ შენი პროფესია და საქმიანობა არ გიყვარს, მაშინ ის შენს სატანჯველად იქცევა,"-ამბობს თეონა ლორთქიფანიძე.
კოვიდპანდემიის პერიოდში ახალგაზრდა ექიმი აქტიურად იყო ჩართული ინფიცირებული თუ ვირუსზე საეჭვო ორსულების მკურნალობის საქმეში. ამბობს, რომ რთული პერიოდი გამოიარა, რისი გახსენებაც დღემდე ემოციების გარეშე ძალიან უჭირს.
"არ ვიცი, იმ პერიოდში იმდენ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ დატვირთვას როგორ ვუმკლავდებოდით ადამიანები. ეს იყო ურთულესი და დიდი გამოცდილების მომცემი პერიოდი. პერიოდი, რომლის მთავარი, ნათელი წერტილები იყვნენ ის ახალშობილები, რომლებიც მაშინ მოევლინენ სამყაროს. არაერთი რთული, კრიტიკული შემთხვევა ყოფილა, რომელთა უმრავლესობაც საბედნიეროდ წარმატებით დასრულებულა. ბედნიერებაა, როდესაც ეს ადამიანები გხვდებიან დღეს, სიყვარულით გიხსენებენ, გიგზავნიან შვილების ფოტოებს და მათი სიხარულის ნაწილად გთვლიან,"-ამბობს თეონა ლორთქიფანიძე.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, თეონა დღეს თავისი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ექიმია. რთული და სიცოცხლის გამარჯვებით დასრულებული შემთხვევების გარდა, ექიმი კურიოზულ შემთხვევებსაც მრავლად იხსენებს.
"კურიოზული სიტუაციები ძირითადად ერთი თემის ირგვლივ ტრიალებს ხოლმე. ვინც ვიზუალურად არ მიცნობს, პირველი შეხვედრის დროს ყველას თეონა ლორთქიფანიძის "სტაჟიორი" ვგონივარ და ელოდებიან თეონა ლორთქიფანიძის გამოჩენას. ასე გიპასუხებთ, რომ არა გინეკოლოგი, ვიქნებოდი დერმატოლოგი ან პლასტიკური ქირურგი და ა.შ. მაინც მედიცინის ირგვლივ ვიტრიალებდი. ექიმი უნდა იყოს იმედი და ექიმი უნდა იყოს რწმენა პაციენტისთვის, ამ შემთხვევაში წარმატებების შანსიც ძალაინ მაღალია,"-ამბობს თეონა ლორთქიფანიძე.