ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო. მარიამ ლევიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლო სისტემა მისი დაცვის ქვეშ მყოფს უსამართლოდ მოექცა.
"ვიცავ არასრულწლოვნის მამას და ბიძას ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე. მათ გამოძიება 14 წლის გოგონაზე ძალადობას ედავება. არასრულწლოვანი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შვილი და ძმისშვილია. ბავშვი დღემდე მამის ოჯახში იზრდებოდა. არასრულწლოვანი დედის გავლენის ქვეშ არის, რომელსაც ყოფილი მეუღლის ოჯახთან ანგარიშსწორება სურს.
ჩვენ ვაპროტესტებთ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს. კერძოდ, მათ ძალაში დატოვეს შემაკავებელი ორდერები, რომელიც მამას და ბიძას შვილთან და ძმისშვილთან მიახლოებას უკრძალავს.
როდესაც 14 წელი ზრდი შვილს, იცავ მის საუკეთესო ინტერესებს, როგორი გრძნობაა და როგორი ასატანია, როდესაც ერთ დღეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე შვილზე მოძალადის იარლიყს მოგაკრავენ და შენზე ათას სიბინძურეს იტყვიან. დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თვითმკვლელობა სცადა. ამაზე ვინ აგებს პასუხს?
მთელი დღე მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ჩემი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ ხორციელდებოდა კიბერბულინგი. მათ აკრავდნენ მოძალადის იარლიყს. სასამართლომ კი მათ მწვანე შუქი აუნთო, უსამართლობას მხარი დაუჭირა, რასაც არ შევეგუებით,"-ამბობს მარიამ ლევიძე.