ხონში ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული წარმომადგენლის, ნანა მჭედლიძის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
ხონში ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული წარმომადგენლის, კინორეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის, ნანა მჭედლიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ. მან ისაუბრა ნანა მჭედლიძის განსაკუთრებულ კავშირზე მშობლიურ ქალაქთან და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მის სახელსა და მემკვიდრეობას უკავშირდება.
„ნანა მჭედლიძემ თავისი ნიჭით, შემოქმედებითა და პროფესიონალიზმით არა მხოლოდ ქართულ კინოში დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი, არამედ მშობლიური ქალაქიც ასახელა. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ მისი ღვაწლი, გავუფრთხილდეთ მის შემოქმედებით მემკვიდრეობას და მომავალ თაობებს გავაცნოთ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
საიუბილეო საღამოს სცენარის ავტორი და წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო, თანაწამყვანები- ირინკა კავსაძე, გიოორგი ტაბიძე და სოფო გორელაშვილი, რეჟისორი- გოჩა კაპანაძე. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე დავით მაზანაშვილის ბენდმა და „სიმებიანმა კვარტეტმა“ იზრუნეს.
საზეიმო ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.





