“ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში წყლის დონე რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს”
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხარაგაულში, სტიქიის ზონაში, მდინარე ყარნებას ხეობაში წყლის შეგუბების დონე მომატებულია და ხეობას საფრთხეს უქმნის, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ეხმიანება.
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიის ზონაში, მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების მდგომარეობა შესწავლილია.
სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის.
სამსახურების შეფასებით, დღეის მდგომარეობით, გარემოებები არ შეცვლილა და არ არსებობს წყლის შეგუბებასთან დაკავშირებული პანიკის შექმნის საფუძველი. სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეგუბებული წყლის მასა არ იმატებს; ხდება წყლის გამოდინება,”-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ცნობისთვის, ხარაგაულის ორ სოფელში, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ამ დროისთვის მოსახლეობისათვის კომპენსაციების შეთავაზების პროცესი მიმდინარეობს.





