ჭიათურაში პატიმრობაში მყოფი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება
9 მაისს, ჭიათურაში პატიმრობაში მყოფი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
“29 აპრილს, ღამის 3 საათზე დააკავეს ჭიათურის პროტესტში მონაწილე 4 ადამიანი. მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმა ედებათ ბრალად.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულთაგან 2 ინციდენტის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, სასამართლომ ოთხივეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ეს არის ჭიათურის პროტესტის, მშრომელი ადამიანების ხმის ჩახშობის მცდელობა! ამას ადასტურებს ისიც, რომ სამთავრობო მედიამ დაკავებებისთვის ნიადაგი წინა დღით შეამზადა და თბილისში ჩამოსულ მაღაროელებს პრესკონფერენციაზე დაკითხვა მოუწყო.
მხარში დავუდგეთ უკანონო პატიმრებს!მხარში დავუდგეთ ჭიათურას!,”-ნათქვამია აქციის ანონსში.
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმაში ბრალდებულ ოთხ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით 6 წლიდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო თენგო გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 27 აპრილს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

















