TOPNEWS » მთავარი თემა » 16 წლის ქუთაისელმა გოგონამ 4 თვეში საკუთარი იდეით 160-ზე მეტი ქვეყანა გააერთიანა

16 წლის ქუთაისელმა გოგონამ 4 თვეში საკუთარი იდეით 160-ზე მეტი ქვეყანა გააერთიანა

16 წლის ქუთაისელმა გოგონამ 4 თვეში საკუთარი იდეით 160-ზე მეტი ქვეყანა გააერთიანა

ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge პროექტ “ნიჭიერი”-ს ფარგლებში ქუთაისელ გოგონას, 16 წლის ბარბარე ლევიძეს გაგაცნობთ, რომელმაც 4 თვეში საკუთარი იდეით 160-ზე მეტი ქვეყანა გააერთიანა.

16 წლის ბარბარე ლევიძე ქუთაისიდან არის. სკოლის მოსწავლეა, თუმცა მისი საქმიანობა უკვე დიდი ხანია გასცდა საკლასო ოთახისა და საქართველოს ფარგლებს. საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი, TEDx-ის ორგზის სპიკერი, ახალგაზრდული ინიციატივების ავტორი და განათლების სფეროში სხვადასხვა პროექტის შემქმნელი ბარბარე საკუთარ ასაკს შეზღუდვად არ აღიქვამს — პირიქით, მოსწონს რომ ასაკით პატარაა და მიაჩნია, რომ ცვლილების დასაწყებად იდეალური ასაკის ლოდინი საჭირო არ არის.

მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია GILTE — Girls in Leadership Through Education, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ბარბარემ ახალგაზრდების განათლებისა და ლიდერული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დააარსა.

GILTE-ის შექმნიდან დაახლოებით ოთხ თვეში ორგანიზაციამ 160-ზე მეტი ქვეყნიდან 10,000-ზე მეტი რეგისტრაცია მიიღო და 22,000-ზე მეტი გამომწერი. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო ვებინარებს, ვორქშოფებს, კლუბებს, მოხალისეობრივ საქმიანობებს, ახალგაზრდულ ინიციატივებს, საერთაშორისო თანამშრომლობებსა და სხვადასხვა შესაძლებლობას, რომელიც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებისა და საკუთარი იდეების განვითარების საშუალებას აძლევს.

ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც GILTE ახალგაზრდებთან აკავშირებს?

ორგანიზაციის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ შეხვდნენ და ესაუბრონ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს — მათ შორის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს, Ivy League-ის უნივერსიტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, The Diana Award-ის მფლობელებს, Coca-Cola Scholarship-ის გამარჯვებულებს, დიდი ორგანიზაციებისა და კომპანიების დამფუძნებლებს, გაეროსთან დაკავშირებულ სპიკერებსა და ადვოკატებს, ცნობილ ჟურნალისტებს, მეწარმეებს, ლიდერებს, მკვლევრებს, ახალგაზრდა აქტივისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პროფესიონალებს.

ბარბარესთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა მხოლოდ თეორიული ინფორმაცია არ მიიღონ. მისი მიზანია, მათ რეალურ ადამიანებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია, დაუსვან კითხვები, გაუზიარონ საკუთარი იდეები, პროექტები და სამომავლო გეგმები, მიიღონ რჩევები და პირადი უკუკავშირი და დაინახონ, რომ წარმატების გზა ყველასთვის განსხვავებულია.

GILTE-ის საქმიანობა მხოლოდ მონაწილეების გაერთიანებით არ შემოიფარგლება. ბარბარემ ასევე შექმნა სივრცე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ახალგაზრდა ორგანიზაციებსა და ინიციატივებს ერთმანეთთან აკავშირებს. პლატფორმაში უკვე 150-მდე ახალგაზრდული ორგანიზაციაა გაერთიანებული, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაიზარდონ აუდიტორია, იპოვონ პოტენციური პარტნიორები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ერთად იმუშაონ ახალ პროექტებზე.

საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნისას ბარბარეს ერთ-ერთი პირველი გამოწვევა ის იყო, რომ თავიდან ყველაფერი მხოლოდ მისი იდეა იყო. არ ჰქონდა დიდი გუნდი, დიდი აუდიტორია ან საერთაშორისო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება.

თუმცა, როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად დაეხმარა, იყო ის, რომ ადამიანების მისვლას არ დაელოდა — თავად დაიწყო მათი ძებნა.

„თავიდან ვაფოლოვებდი დამწყებ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვეცნობოდი მათ საქმიანობას, ვუკავშირდებოდი და პარტნიორობას ვთავაზობდი. ასევე ვეძებდი ახალგაზრდა ლიდერებსა და აქტივისტებს, რომლებსაც GILTE-ის იდეა და საქმიანობა დააინტერესებდათ,”-ამბობს ბარბარე.

ბარბარეს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას უკავშირდება. ის ქმნის High-Five — უფასო ჩინური ენის სასწავლო ვებსაიტს, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის ენისა და კულტურის შესწავლის დამატებითი, ხელმისაწვდომი რესურსების შექმნა.

პარალელურად, ბარბარე უკვე ორი წელია მუშაობს საკუთარ წიგნზე — „მიპოვე შენს მეხსიერებაში“.

მის გამოცდილებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პროგრამებსაც. მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+ პროექტში და სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივაში. ასევე დაჯილდოვრბულია აშშ-ის საელჩოს Platinum Certificate-ით. 

ის ამბობს, რომ გამოუცდელობა არ უნდა გახდეს საკუთარი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენების მიზეზი.

მისი გამოცდილებით, შეცდომებიც განვითარების ნაწილია. როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, მნიშვნელოვანია გააანალიზო, რა მოხდა, ისწავლო და შემდეგ სხვანაირად სცადო.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu