6 მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ი 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა.
ავიაკომპანიის მე-6 მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. იღბლიანმა მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც გაფრენას 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.
"დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა და მიიღო Wizz Air-ის მე-6 მემილიონე მგზავრი, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ Wizz Air-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძირითადი მოთამაშე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დასტური იმისა, რომ უკვე 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა არის ის, რომ ისინი სტაბილურად არიან წარმოდგენილები ჩვენს ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას აღნიშნულ კომპანიასთან, რათა კიდევ უფრო მეტი მიმართულება დაემატოს, უფრო მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი გვყავდეს,"-განაცხადა ირაკლი ქარქაშემ.
მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.
,,უკვე აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. გვაქვს ვარაუდი, რომ მილიონზე ოდნავ ნაკლები მგზავრი გვეყოლება ჭრილში. შესაბამისად, მგზავრთნაკადთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას. რამდენიმე ასული მილიონის ინვესტიციაზეა საუბარი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ზოგადად ქართული ავიაცია ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. კიდევ უფრო მეტი ახალი მიმართულება და ახალი ავიაკომპანიის მოლოდინი გაქვს, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ,"-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
Wizz Air-ი 2018 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია. დეკემბრიდან ავიაკომპანიამ დაამატა მეოთხე ბაზირებული ხომალდი ქუთაისში. ამჟამად, Wizz Air-ი ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს. 6 მლნ მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურებისთვის, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.