რეკლამა

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება. კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ასევე, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ასევე გაჩნდება საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე როგორც რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიური ცენტრი-ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

"ქუთაისი და ყოფილი პარლამენტის შენობა იდეალური ადგილია, რათა ამოქმედდეს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი. სიახლოვე, ერთი მხრივ, საერთაშორისო აეროპორტთან და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, მეორე მხრივ კი უნიკალური ფართი ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, ძალიან მალე ქუთაისს გადააქცევს სამეცნიერო - ტექნოლოგიურ და IT - ბიზნესის მიზიდულობის ცენტრად. შედეგად, ქუთაისი და ზოგადად იმერეთის მხარე მიიღებს დამატებით ინვესტიციებს, მათ შორის, არაპროფილურ ბიზნესებში,  სერვისის ინდუსტრიებში, ახალ სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია, განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს. 

2014 წელს, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში. დღეს საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა 9 ტექნოპარკი, რაც ერთი ფანჯრის პრინციპით ინოვაციური იდეების მქონე საქართველოს მოქალაქეებს  კომერციალიზაციაში ეხმარება. ტექნოლოგიური ჰაბის სწორედ რეგიონში გახსნა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს და შედეგად, მივიღებთ ტექნოლოგიურად უფრო მეტად განვითარებულ რეგიონებს, უკეთ მომზადებულ კადრებს და მეტ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, რაც ცალსახად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე მთლიანად გლობალურ ბაზარზე.  

აღსანიშნავია, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპზევე დიდია დაინტერესება IT ბიზნესის მხრიდან, რათა გახსნან წარმომადგენლობები დიდი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიურ ჰაბში. მოსალოდნელია, რომ პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე ასეთი დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზრდება,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქუთაისში საქართველოს პარლამენტმა ფუნქციონირება 2019 წლის იანვრიდან შეწყვიტა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები