ხარაგაულის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი სტუმრობდა.
ელჩს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ უმასპინძლეს.
იშიძუკა ჰიდეკის ვიზიტი მუნიციპალიტეტში, იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა“. გრანტით მიღებული დაფინანსებით ხარაგაულის მერიამ ექსკავატორ-დამტვირთველი (ტრაქტორი) შეიძინა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ელჩს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია თუ რა სამუშაოები განხორციელდა საგრანტო პროექტით შეძენილი ტექნიკით.
ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო დახმარება გაეწია.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა ასევე პირადად მოინახულა გრანტების ფარგლებში შეძენილი ტექნიკა.
ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ნანა ცხვედაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მერიამ 61 864 დოლარის გრანტი მიიღო.
საგრანტო პროექტის ფარგლებში, საპროექტო განაცხადი მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორმა, ეკა შავიძემ და მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ მოამზადეს.