რეკლამა

ახალი ეპოქის დასაწყისი ჭიათურისთვის-რა განცხადებას ავრცელებს ჭიათურის მაჟორიტარი?

ახალი ეპოქის დასაწყისი ჭიათურისთვის-რა განცხადებას ავრცელებს ჭიათურის მაჟორიტარი?

ჭიათურის მაჟორიტარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების კონცეფციის შემუშავების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით მაჟორიტარი განცხადებას ავრცელებს.
"ეს ჩემი აზრით, ახალი ეპოქის დასაწყისია ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. რას ნიშნავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარება? ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩემი ინიციატივით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აქტიური მხარდაჭერითა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ბატონი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეისწავლა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები (მღვიმეები, ეკლესიები, კაცხის სვეტი, მაღაროები, საბაგირო გზები და სხვა).
ამ ინიციატივის პრაქტიკაში განსახორციელებლად გაწეულ იქნა დიდი სამუშაო. გამოიცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების დეტალური აღწერილობა და ნუსხა, რომელიც წარვადგინე საქართველოს მთავრობაში. შესწავლისა და განხილვის შემდეგ ამ გეგმამ მოიპოვა მთავრობის სრული მხარდაჭერა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს.
როგორც უკვე გაცნობეთ, გამოცხადდა ტენდერი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოტენციალისა და განვითარების სამოქმედო გეგმის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას.
კონცეფციის შემუშავებისთანავე, მომავალი ზაფხულიდან მოხდება ამ კონცეფციის შედეგების განხილვა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რაც გულისხმობს ტენდერების გამოცხადებას კონკრეტული ობიექტების დაპროექტებისა და შემდგომი მშენებლობის მიზნით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დააფინანსებს ძეგლებს, ხოლო კერძო სექტორს ექნება შესაძლებლობა დამხმარე ინფრასტრუქტურის - სავაჭრო და მომსახურების სფეროს (სასტუმროები, კვებისა და სავაჭრო ობიექტები და სხვა) განვითარების.
დარწმუნებული ვარ ჭიათურის მუნიციპალიტეტი უნიკალური კულტურულ-ისტორიული საგანძურით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ტურისტულ რუკაზე.
ვულოცავ თითოეულ ჭიათურელს და ჭიათურის ყველა გულშემატკივარს ამ დიდი საქმის დაწყებას,"-ამბობს პაატა კვიჟინაძე. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები