ხონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გამოჩენილი ხონელის, ქართული პოეზიის ღირსეული წარმომადგენლის, ყველასთვის საყვარელი ქართველი პოეტის ედუარდ უგულავას საიუბილეო შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით: „ცხოვრება ფიქრებით ლამაზი როდია, ამიტომ არ მტოვებს, ამიტომ მოდიან“ გაიმართა. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერის მოადგილე მანანა გოფოძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"სამშობლოსა და ხალხზე, მშობლიურ გორდზე უზომოდ შეყვარებული გამორჩეული პოეტი, ფუძემაგარი ფესვებით - ეს ჩვენი ედუარდ უგულავაა. სათაყვანებელი დედის და დამსახურებულ ხონელის, გულიადა სანოძის შვილობა ამის წინაპირობას იმთავითვე ქმნიდა. მადლობა რომ არსებობ, იღწვი და ანათებ. გვახარებ ყველას და ვამაყობთ შენით,"- ასე მიმართა იუბილარ პოეტს მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ.
საღამოზე მთავარი გმირის შემოქმედებიდან ლექსები პოეტთან ერთად დედამ, გულიადა სანოძემ, მეგობრებმა და თეატრის მსახიობებმა წაიკითხეს.
პოეზიის საღამო საზოგადოება ,,ხონელის" ინიციატივითა და კულტურის ცენტრის თანაორგანიზებით განხორციელდა.