"მუცელში მირტყამდნენ ფეხებს. სიმწრისგან, უძლურებისგან და ტკივილისგან გონება დავკარგე,"-ახალგაზრდა ქალს ხელისუფლება კრიმინალი მამამთილის ხელით გაუსწორდა
„მოგესალმებით მეგობრებო! ნაცნობებო! უცნობებო!
მე ვარ ნათია ბასილაძე, ორი შვილის დედა. ქალი, რომლის მეუღლე სისტემამ მის საყვარელ ოჯახს დააშორა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, იძულებული გახადა უსაფრთხო ადგილი ეპოვა. მე ვარ ქალი, რომელიც მისი პოლიტიკური შეხედულებების მიზეზით, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია და გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ფართო საზოგადოებას თქვენი საშუალებით მოვუყვე სიმართლე,“-ამგვარი შინაარსის შეტყობინება ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge-ს რედაქციამ ნათია ბასილაძისგან მიიღო.
როგორც აღმოჩნდა, ნათია ბასილაძე საქართველოდან ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ნიკა ბასილაძის მეუღლეა. ნიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი და მხარდამჭერი იყო.
ნათია ბასილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც კრიმინალებმა და ხელისუფლებამ ნიკა ბასილაძეს პოლიტიკური ორიენტაცია ვერ შეაცვლევინეს და ვერც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაზე დაითანხმეს, დაიწყეს მისი დაშინება. აღნიშნულ საქმეს ნიკა ბასილაძის მამა, კრიმინალური ავტორიტეტი ჯაბა ლოსაბერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა მმართველ გუნდს დახმარებოდა, რადგან ლოსაბერიძემ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეძლო.
ნათია ბასილაძე გვიყვება, რომ როდესაც ნიკა ბასილაძემ ქვეყანა დატოვა, სისტემა მასზე გადმოერთო.
„მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე გავიცანით და 2019 წელს დავოჯახდით. ჩვენ, ორივე ვთვლიდით, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არასწორად მიყავდა, აშორებდა ევროპულ ოჯახს და აახლოებდა რუსეთს. რუსეთი არავის უნდოდა, განსაკუთრებით კი ჩემს მეუღლეს, რომელთანაც რუსეთი ტანჯვასთან, ტკივილთან, უბედურებასთან ასოცირდებოდა. ჩემი მამამთილი ჯაბა ლოსაბერიძე კრიმინალური ავტორიტეტია. ის წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა იქ კრიმინალური საქმიანობით დააგროვა ბიზნესები. მას სურდა ნიკა რუსეთში წაეყვანა, რათა ჩემი ქმარი, მამის მსგავსად, კრიმინალურ საქმიანობებში ჩართულიყო. ნიკა აღნიშნულის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რის გამოც მამა-შვილს შორის დაძაბული ვითარება არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ჩემი მამამთილი ჯერ კიდევ იმ დროიდან ცდილობდა ნიკა საცხოვრებლად რუსეთში წაეყვანა, როდესაც ჩემი მეუღლე ბავშვი იყო.
ჩემი მეუღლის წასვლის შემდეგ, მე ვაგრძელებდი მის დაწყებულ საქმეს. 2023 წლის მარტში, ჩემს პატარა შვილებთან ერთად ვმონაწილეობდი ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში, სადაც კიდევ ერთხელ დაინახა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ჩვენი ხელისუფლების სახე, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაგვიპირისპირდნენ. ამ აქციებმა ყველა თაობის ადამიანი გაგვაერთიანა, თუმცა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ვჭარბობდით.
აქციაზე ჩემმა გამოჩენამ განსაკუთრებით გააბრაზა ჩემი მამამთილი. მას ჯერ ის აწუხებდა, რომ შვილი ვერ ჩამოაშორა ოპოზიციურ საქმიანობას და ახლა რძალიც დავემატე. ჩემთან სახლში მოვიდა ჩემი მამამთილი. მას თან ახლდნენ პოლიციელები. მამამთილმა დამიწყო ყვირილი და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დამემუქრა რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებით. მითხრა, რომ რადგან მე ვმონაწილეობდი აქციებში, სადაც უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, გამივრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ვიყავი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე და იმასაც იტყოდნენ, რომ ჩემი ქმარიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენდა და ორივეს გვყავდა სექსუალური პარტნიორები. ჩემმა მამამთილმა მითხრა ისიც, რომ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციის ბევრი მონაწილე მისცეს პასუხისგებაში, ბევრს დაკითხვებზე იბარებდნენ პოლიციის განყოფილებაში და თუ არ მინდოდა მეც ერთ-ერთი ვყოფილიყავი, უნდა მეთანამშრომლა ხელისუფლებასთან,“-ამბობს ნათია ბასილაძე.
ახალგაზრდა ქალის თქმით, მას ევალებოდა ფარული ჩაწერები, აქციის მონაწილეთა გაშავება. ასევე, აქციის ორგანიზატორებისა და აქტიური პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი გადაადგილების მარშუტისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ხელისუფლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
„თუ ამას არ გავაკეთებდი, დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ციხე მელოდა. „მე სხვას ვებრძვი და შენ, ჩემი ოჯახის წევრი როგორ ბედავ აქციებზე სიარულს და ხელისუფლების ლანძღვასო. ეტყობა შენ არ გინახავს როგორ მოგვყას საღ ჭკუაზე ის ხალხი, ვინც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას არ ემორჩილებაო“,-ასეთი იყო ჩემი მამამთილის სიტყვები. მე შეშინებულმა მაშინვე დავურეკე ჩემს ადვოკატს და მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე,“-ამბობს ნათია ბასილაძე.
მეუღლის მსგავსად, არც ნათია ბასილაძე გეგმავდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რის გამოც ის ღამით გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.
„ჩემი მამამთილის ჩემს სახლში მოსვლიდან და მუქარიდან ორი დღე იყო გასული. საღამო ხანი იყო, სახლში ვბრუნდებოდი, რა დროსაც ჩემს წინ გაჩერდა მანქანა, ორმა ნიღბიანმა ძალიან სწრაფად, ისე, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, შემაგდო მანქანაში და წამიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. თვალები ამიხვიეს და ამიტომ ვერ ვხედავდი სად და რა მიმართულებით მივდიოდით. თვალები ახვეული მქონდა, შესაბამისად, მიმართულებას ვერ ვხედავდი. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მდინარის ტერიტორიაზე მიმიყვანეს, რადგან როდესაც მანქანა გაჩერდა, მდინარის ხმა მესმოდა და ცივი ნიავი უბერავდა. გადმომიყვანეს მანქანიდან და სველ, ბეტონის იატაკზე დამაგდეს. იატაკზე ისე დამაგდეს, როგორც რაიმე ნივთს ისვრი ძირს, რაიმეს უსულოს. ეს არ მაკმარეს და ჩემი ცემა დაიწყეს, მუცელში მირტყამდნენ ფეხებს. სიმწრისგან, უძლურებისგან და ტკივილისგან გონება დავკარგე,“-ყვება ნათია ბასილაძე.
ახალგაზრდა ქალის თქმით, ის მხოლოდ მეორე დილით, გამთენისას გაათავისუფლეს და თან გააფრთხილეს, მისი მამამთილის ინსტრუქციის მიხედვით უნდა ემოქმედა და მისი დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შეესრულებინა.
„მე ვარ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც სრულიად უსამართლოდ ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის. დღეს საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს. ესენი არიან კრიმინალების ბანდა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი კეთილდღეობისათვის. არავის აღელვებს მოქალაქეები და მათი ბედი. ორი პატარა შვილი მყავს და არ მინდა ჩემს შვილებს ამ ქვეყანაში გამოხატვის შიში ჰქონდეთ. არ მინდა იარლიყების მიწებების შიშით არასწორი გზით წავიდნენ.
რა დაგიშავეთ, რატომ გძულთ ასე თქვენი მოქალაქეები? არ გვინდა რუსეთი, ჩვენ გვინდა ევროპა. თუ ასე გიყვართ თქვენი რუსეთი, ადექით და მიბრძანდით ბატონებო, გზას დაგილოცავთ. თქვენი მონა-მორჩილი კრიმინალებიც თან გაიყოლეთ.
მე დღეს მაიძულებენ ისეთი რამის გაკეთებას, რაც ჩემგან შორს არის. მე ვერაფრით გავხდები აგენტი, ვერ გამოვდგები ჯაშუშად. ამის გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მამამთილი არაფრით დაუშვებს მისი ღირსება კრიმინალების და სახელმწიფოს თვალში შეილახოს და ის აუცილებლად გადაწყვეტს გამისწორდეს. არც იმას გამოვრიცხავ, სისტემამ დამაკავოს. თქვენ კარგად იცით რა უქნეს ლაზარე გრიგორიადისს.
როდესაც ორი მცირეწლოვანის დედას გაიტაცებ და ასე სასტიკად ცემ, როდესაც უკან არაფერზე იხევ, რა ევროპულობასა და რა დემოკრატიაზეა საუბარი. ზუსტად ეს არის რუსეთი და ჩვე არ გვინდა რუსეთი. მეგობრებო, აუცილებლად უნდა ვიაქტიუროთ, რათა მომავალ არჩევნებზე რუსულ რეჟიმს ვუთხრათ არა და ქვეყანა განვითარების ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ,“- ამბობს ნათია ბასილაძე.

















