იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კომპანია ,,საქნახშირში” იმყოფებოდნენ, სადაც დასაქმებულების სამუშაო პირობებს გაეცნენ და მიწისქვეშა კომპლექსი დაათვალიერეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს სპეციფიკა, მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები და განვითარების მასშტაბური გეგმები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ სოცკიმ გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება იმ ჰორიზონტებს დაეთმო, სადაც დახრილი ჭაურის მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალი მოპოვებითი ეტაპი დაიწყება - რაც საწარმოს განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.