გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეროვნული პარკი 2023 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 50 835 ჰა-ია. რაჭის ეროვნულ პარკს 11 რეინჯერი იცავს.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა რეინჯერებს ბუნების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითრების პარალელურად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია რეინჯერების შესაბამისი სამუშაო პირობებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხებით უკვე შეძენილია 4 კვადროციკლი, 2 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, 3 ტრაქტორი, ბაგი და თოვლის მანქანა (ბურანი), რომელიც რეინჯერებს შესაძლებლობას აძლევს, მეტად ეფექტიანად განახორციელონ პატრულირების პროცესი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაგეგმილია რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოება და განვითარება, რისთვისაც უკვე მომზადებულია კანონპროექტი.