TOP-NEWS.GE / “იტალიიდან იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სამშობლოში უარეს დღეში ვართ”

“იტალიიდან იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სამშობლოში უარეს დღეში ვართ”

ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge-ს მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი შარაბიძეების ოჯახის ისტორია. ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში იტალიის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, სააგენტოს 2022 წელს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. საქმე ეხებოდა შარაბიძეების ოჯახის მიმართ მუქარას, ბულინგს და უმოქმედობას, როგორც იტალიელი სამართალდამცავების, ისე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მხრიდან. ოჯახის წევრები სააგენტოსთან ინტერვიუში აცხადებდნენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

შარაბიძეების ოჯახი Top-news.ge-ს ამჯერადაც დახმარების თხოვნით დაუკავშირდა. ოჯახის დიასახლისის მაია შარაბიძის თქმით, მეუღლესთან, ლევან შარაბიძესთან და შვილთან, მიხეილ გოგლიჩიძესთან ერთად, საქართველოში მათი უფლებების დასაცავად დაბრუნდა, თუმცა ოჯახი სამშობლოშიც ხელისუფლების დევნის ობიექტი გახდა.

„თქვენ კარგად იცით როგორ გვემუქრებოდნენ იტალიაში სიცოცხლის მოსპობით. შიშით გარეთ ვერ გამოვდიოდი. ჩემმა შვილმა, მიხეილ გოგლიჩიძემ, წარმატებულმა სტუდენტმა კოლეჯში სწავლას თავი დაანება. არავინ დაგვიცვა. საქართველოში ჩამოვედით, რომ სამართალი გვეპოვა და აქ უარესი დაგვემართა. მე და ჩემი შვილი უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ვიმყოფებოდით. აქციიდან რომ ვბრუნდებოდით, ჩემი შვილი სამართალდამცავებმა გაიტაცეს. არ ვიცი სად არის და როგორ არის. ადვოკატებიც ჩავრთე საქმეში, მაგრამ ადგილსამყოფელს არ გვეუბნებიან. ესეც არ მაკმარეს. ქუთაისში, ჩვენს საცხოვრებელ სახლში, სადაც ავადმყოფი დედაჩემი მარტო იმყოფებოდა, სპეცრაზმი შეიჭრა. არ ვიცი იქ რა უნდათ და რას გვერჩიან.  ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ. იტალიიდან იმისთვის ჩამოვედით, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სამშობლოში უარეს დღეში ვართ. ვის მივმართო, ვინ დაგვეხმარება და ვინ დაიცავს ჩვენს უფლებებს? სად წაიყვანეს ჩემი შვილი ან რას ერჩოდნენ? ჩვენ მხოლოდ იმის გარკვევა გვინდოდა, რატომ არ დაგვიცვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რატომ არ მიმართა სამართლებრივ ზომებს, როდესაც არაერთხელ მივმართეთ ჩვენს პრობლემასთან დაკავშირებით? ასე დაუცველი უნდა ვიყოთ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ? აღარ ვიცი რა გავაკეთო? საით წავიდე, ვის ვთხოვო დახმარება. ამ ქვეყანაში დარჩა ვინმე, ვინც ზრუნავს ადამიანების უფლებების დაცვაზე?“-აცხადებს მაია შარაბიძე ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge-სთან საუბარში. 

მომხდართან დაკავშირებით სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

27-02-2022, 22:00
უკან დაბრუნება