TOP-NEWS.GE / „რეაბილიტაციის სახელით შეფუთული კორუფცია-„ოცნების“ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებები ხელისუფლებას

„რეაბილიტაციის სახელით შეფუთული კორუფცია-„ოცნების“ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებები ხელისუფლებას

https://formulanews.ge/News/105018

https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/60753-11-milioni-otsnebis-angarishze-mmartveli-partiis-kulaba-saarchevnod-rekordulad

https://www.youtube.com/watch?v=hnpFaN8HtOU


2023 წელს ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 8.5 მილიონი ლარი მიიღო. შემოწირულობების კუთხით მმართველი პარტია მდიდარი პარტიაა საქართველოში. შემომწირველებს შორის კი ის პირები არიან, რომელთა კომპანია „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მსხვილ ტენდერებს ხშირად უკონკურენტოდ იგებენ. 

ახალი ამბების სააგენტო „ტოპნიუსს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკი დაუკავშირდა, რომელმაც კორუფციული სქემა გაშიფრა. როგორც დიმა გოცაძე ამბობს, მას ბიუჯეტის ძარცვაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არარსებული ხარჯები გაეწერა, რათა ბიუჯეტის თანხის ნაწილი კვლავ ხელისუფლენას დაბრუნებოდა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსაგენად თანხა მმართველი გუნდის საარჩევნო ყულაბაში მოხვედრილიყო. 

მას შემდეგ, რაც დიმა გოცაძემ კორუფციულ სქემაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ის ჯერ შეთხზული ბრალდებით დააკავეს, ხოლო მოგვიანებით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრნენ. 

მთავარი საინფორმაციო სააგენტო ტოპნიუსი გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც რეჟიმს ამხელს. 

ბატონო დიმა, რა კონკრეტული ფაქტები გაქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართული ოცნება“ კონკრეტულ კომპანიებთან გარიეგებაში შედის და ბიუჯეტის თანხებს ინაწილებენ?

მე ვარ დიმა გოცაძე. ამ ქვეყანაში მიცნობენ, როგორც წარმატებულ მშენებელს. არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული  პროექტი მაქვს განხორციელებული, რომლითაც ვამაყობ. 2014 წლიდან ვარ ჩართული აღნიშნულ სფეროში. ჯერ დავიწყე მუშაობა თბილისის მერიის სსიპ-ში, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის შენობა-ნაგებობების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. ზედამხედველობას ვუწევდი თბილისის მასშტაბით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო 2015 წლიდან გადავედი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ასევე შენობა-ნაგებობების განყოფილებაში. ზედამხედველობას ვუწევდი თბილისის მასშტაბით მიმდინარე ავარიული კორპუსების გამაგრების სამუშაოებს. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა მეკისრებოდა სამუშაოების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლზე. მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას და არც ერთ შემსრულებელ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ სამუშაო არაჯეროვნად შეესრულებინა. მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ხელს აწერდა დასრულებულ პროექტებზე მიღება-ჩაბარების აქტს და თანხმობას აცხადებდა კომპანიებისთვის მომსახურების თანხების გადარიცხვაზე. 

ბედნიერი ვიყავი, რომ ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და ვამშვენებდით ჩვენს ქვეყანას. 

ბატონო დიმა, როდის აღმოაჩინეთ, რომ პოლიტიკურ კორუფციასთან გქონდათ შეხება?

2021 წლის ბოლო იყო. მაპატიეთ, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, ძალიან ვარ აღელვებული. ამ დროს მე მითხრეს, რომ უნდა დამეწყო თითქმის ათეულობით კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები იმგვარად, როცა არ მქონდა ექსპერტიზის დასკვნა. ზოგადად, ეს პროცესი ურთულესი პროცესია.კორპუსები, რომელთაც გასული აქვთ ექსპლოატაციის ვადა, მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი ისეთი კორპუსია, რომელიც უკვე ნგრევის პირასაა მისული და მის გამაგრებას აზრი არ აქვს, მაინც შესაძლოა ჩამოინგრეს. სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ წარმოდგენა მქონოდა, რა მოცემულობასთან მქონდა საქმე. როგორც მივხვდი, ჩემს მიერ ექსპერტიზის დასკვნაზე აპელირება ჩემს უფროსს არ მოეწონა. ჩემგან ითხოვდნენ სამუშაების სასწრაფოდ დაწყებას. ვცდილობდი ამეხსნა, რომ მჭირდებოდა ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა არაფერი გამოდიოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს შევხვდით. მე მას ვუთხარი გაეხსენებინა 2021 წლის 8 ოქტომბერი, როდესაც ბათუმში კორპუსის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ნგრევა კი აბსოლუტურად გაუზრებელმა, დაუგეგმავმა და არაპროფესიონალურად წარმოებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. ვიცე-მერთან შეხვედრაც უშედეგო გამოდგა-ისიც სასწრაფოდ ითხოვდა ჩემგან სამუშაოების დაწყებას. აზრი არ ჰქონდა მასთან პოლემიკას, ამიტომ გადავწყვიტე უშუალოდ დედაქალაქის მერთან გამევლო ეს საკითხი, თუმცა ჩემი მცდელობის მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. 

სწორედ აქ გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე კორუფციასთან მქონდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მე მითხრეს, რომ უკვე არსებობდნენ კომპანიები, რომლებიც სამუშაოებს ჩაიბარებდნენ. მე მოცემულ საკითხზე ასევე ვესაუბრე თბილისის საკრებულოს უმრავლესობას და უმცირესობას და მათ ვთხოვე, რომ თემაზე საკრებულოს სხდომაზე ემსჯელათ.

მკაცრი და კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, რომ სამუშაოები დროულად დამეწყო, მე უარს ვამბობდი პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არ იყო გამორიცხული რეაბილიტაციას ნგრევა და მსხვერპლი მოყოლოდა. 

სწორედ ჩემი ურჩობისათვის დამსაჯა სისტემამ, როდესაც 2022 წლის 15 მარტს დამაკავეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლით, თუმცა იმის გამო, რომ ექსპერტიზამ ჩემს ორგანიზმში ნარკოტიკის არსებობა ვერ დაადასტურა, 18 მარტს გამომიშვეს 2-წლიანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. 

ოჯახმა აიყვანა ადვოკატი, თუმცა ადვოკატს ჩემთან შემოსვლის საშუალება არ მისცეს. სამაგიეროდ, შემოდიოდნენ ალოვნები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ უმჯობესი იყო მეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალი კიდევ უფრო დამიმძიმდებოდა და არსებულ ბრალს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება დაემატებოდა. ამბობდნენ იმასაც, რომ წარმატებული კარიერა ტყუილად დავინგრიე. 

მესამე დღეს, როდესაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამათავისუფლეს, სასამართლოდან გამოსული თბილისის მერიაში მიმიყვანეს. მირჩიეს დაფიქრებადა მითხრეს, რომ კიდევ ერთ შანსს მომცემდნენ, რაზეც მე კვლავ უარი ვთქვი და სამსახურიდან წამოსვლაზე განცხადება დავწერე. სამსახურიდან კი წამოვედი, მაგრამ მათ კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ თავს მარტივად არ დამანბებდნენ, ამიტომ შიშები დამეწყო, მქონდა იმის შიში, რომ კიდევ იგივე არ განმეორებულიყო და ისევ ნარკოტიკი ან იარაღი არ ჩაედოთ ჩემთვის. 

იმის გამო, რომ ჩემს მიმართ არ მომხდარიყო მსგავსი პროვოცირებები და ნარკოტიკის კვლავ ჩადება, ჩავიყენე სპეციალური კოდი, რომელიც  ექიმის დანიშნულებით გავიკეთე. მსგავსი კოდის ჩასმის შემდეგ, ადამიანს არ შეუძლია არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური ნივთიერების მიღება. 

ბატონო დიმა, თქვენ გვითხარით, რომ არარსებულ ხარჯებზე გაიძულებდნენ ხელის მოწერას. საჯარო მოხელე აღარ ბრძანდებით. ამჟამად როგორ გადაიკვეთა თქვენი და ხელისუფლების გზები?

დიახ, საჯარო მოხელე აღარ ვარ, თუმცა ვმუშაობ სამშენებლო-სარემონტო კომპანია „მარაგში“. აღნიშნული შპს 2020 წელს დაფუძნდა და ის „ოცნებასთან“  დაახლოებულ პირებს ეკუთვნით. მე როდესაც ამ კომპანიაში შემომთავაზა მუშაობა მისმა დამფუძნებელმა, ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი საქმის კეთების საშუალება კვლავ მომეცა. ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, პირობითი მსჯავრი მომიხსნეს. 

ჩვენი კომპანია სხვადასხვა სირთულის მასშტაბურ პროექტებს ასრულებდა. ძირითადად სტრატეგიულ ობიექტზე ვმუშაობდით. მაგალითად, საპატრიარქო, რკინიგზის ოფისები. ბოლო ყველაზე  რთული და სტრატეგიული პროექტი იყო მეტეოროლოგიური ხიდი, რომელიც თბილისში მოვაწყვეთ. ეს ის ხიდია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, მდინარე ვერეს ხეობაში ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ამ ხიდზე უნდა განთავსდეს სპეციალური მოწყობილობები, რომელიც მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს გააფრთხილებს, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის ევაკუაცია. ჯერ ხიდი ტექნიკურად ხომ რთულად შესასრულებელი პროექტი იყო და მერე, ტექნიკის მუშაობაზე უარი გვითხრეს. სამუშაოების უდიდესი ნაწილი ხელით შესრულდა. დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ხელით გავჭერით 9-მეტრიანი ხიმინჯი ხიდის ბურჯის მოსაწყობად. 

კორუფცია აღმოვაჩინე მაშინ, როდესაც ამ პროექტის ხარჯთაღრიცხვა მომიტანეს ხელმოსაწერად. აღმოვაჩინე, რომ იმ სამუშაოებზე, რომელიც ხელით შესრულდა და ტექნიკა არ დაგვიხმარებია, ტექნიკის ხარჯი იყო გაწერილი. ასევე, ხელფასებზეც არარეალური თანხები იყო გაწერილი. თავიდან ბოლომდე პროექტს მე ვხელმღძვანელობდი, ყველა დეტალი ვიცოდი და ბუნებრივია იმ ხარჯთაღრიცხვას, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა, ხელს ვერ და არ მოვაწერდი. 

დამავიწყდა მეთქვა: მანამ იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს ანგარიშზე იმაზე გაცილებით დიდი თანხა დაირიცხა, ვიდრე ჩემი ხელფასი იყო. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მიზეზად ბუღალტრის შეცდომა დამისახელეს. მე ზედმეტი თანხა დავაბრუნე და უფროსს ვუთხარი, ასეთი შეცდომა მეტად აღარ მომხდარიყო, თუმცა „შეცდომა“ როგორც ასეთი, კვლავ განმეორდა. 

ახლა უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე-კომპანიასა და ხელისუფლებას შორის კორუფციული გარიგება არსებობდა, მე კი არავითარი სურვილი მქონდა, საეჭვო და კორუფციულ გარიგებებთან რაიმე შეხება მქონოდა. 

ფირმის ხელმძღვანელს თუ კითხეთ, ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი და რა იყო მისი პასუხი?

ფირმის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ კომპანია „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით არსებობს და თუ ჩვენ მმართველ გუნდს 2024 წლის არსევნების მოგებაში დავეხმარებოდით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კომპანიას მილიონიან ტენდერებს მისცემდნენ. დახმარება კი ამაში გამოიხატებოდა: პროექტებზე არარეალური ხარჯები უნდა გაწერილიყო და მიღებული თანხებიდან გარკვეული ნაწილი, ამ რაოდენობაზე თვითონ შეთანხმდებოდნენ, მმართველ გუნდს უნდა წაეღო, რომ თანხით „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბა შევსებულიყო. არც ის დაუმალავთ, რომ მე კომპანიაში ვჭირდებოდით, როგორც მაღალი კლასის მშენებელი და მისი საქმის პროფესიონალი. 

მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ შორს ვარ ყოველგვარი კორუფციისგან, ამიტომ უარი ვთქვი უკანონო დავალების შესრულებასა და ბიუჯეტის ძარცვაზე. 

თქვენ ამბობთ, რომ რადგან სისტემას არ დაემორჩილეთ, ამიტომ უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებით და ანგარიშსწორებით გემუქრებიან....

დიახ, მითხრეს, რომ საქართველოში ჩემნაირი აგენტების ადგილი არ არის და როდესაც რუსულ კანონს მიიღებენ, ჩემნაირებს მოგვხედავენ. ეს კანონი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი იარაღი იქნება, რომ განსხვავებული აზრისა და პოზიციის ადამიანებს ებრძოლოს, მათ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყი მიაკრას და ადამიანების ერთგვარი სტიგმატიზება მოახდინოს. კანონის სახელით აპირებენ გაუსწორდნენ ჩემს მსგავსს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვერ დაიმორჩილეენ და უკანონობას ვერ ჩაადენინებენ. მე და ჩემი მეუღლე მხარს ვუჭერთ აქციებს, დავდივართ აქციებზე და არ შევშინებივართ არც რეზინის ტყვიებს და არც წყლის ჭავლს. სწორედ აქციიდან გამიტაცეს 30 აპრილს, როდესაც დარბევა მოხდა და მე და ჩემი ცოლი ჭყლეტაში მოვყევით. კოკა კოლას სავსე ბოთლით მცემდნენ და მაგინებდნენ. სპეცრაზმის ხელმძღვანელი შემოვიდა ჩემთან დ პირადად ის მემუქრებოდა.  ჩემი მეუღლე ყველგან მეძებდა. არ იცოდა სად ვიყავი და რა მდგომარეობაში. ორი შვილი მყავს. არ მინდა ჩემმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რა საზიზღარია რუსეთი და როგორ გვთვლიან მათ მონებად. რუსეთში სამართალს ვერ პოულობენ. ასე იქნება საქართველოშიც ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ. 

აყვანილი მყავს ადვოკატი, რომელიც მუშაობს პროკურატურაში შესატან განცხადებაზე. ვითხოვ პროკურატურა დაინტერესდეს იმ კორუფციული სქემებით, რომელიც სახელმწიფო უწყებებშია და საარჩევნოდ კორუფცია კიდევ უფრო გააქტიურდება. ასევე, მინდა დასრულდეს ადამიანების შატაჟი ამ ქვეყანაში და დაისაჯონ კონკრეტული პირები, ვინც მსგავს დანაშაულებებს ჩადიან. 

ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებით ვიყო დაკავებული, თუმცა სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მეძლევა. თქვენი საშუალებით მინდა გავაფრთხილო ყველა: თავი დამანებეთ, თქვენს კორუფციულ სქემებში მე არ გავეხვევი!

17-06-2024, 10:26
უკან დაბრუნება