TOP-NEWS.GE / მუქარა, ფიზიკური ანგარიშსწორება და პირადი ცხოვრებით შანტაჟი-დაუჯერებელი ისტორიები და ბრალდებები "ქართულ ოცნებას"

მუქარა, ფიზიკური ანგარიშსწორება და პირადი ცხოვრებით შანტაჟი-დაუჯერებელი ისტორიები და ბრალდებები "ქართულ ოცნებას"

მართალია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე 6 თვე რჩება, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადამწყვეტი არჩევნებისთვის სამზადისი გაცილებით ადრე დაიწყო.  აღნიშნულს მუქარების, ზეწოლისა თუ პირადი ცხოვრების შანტაჟით ის უმძიმესი ისტორიები მოწმობს, რომელზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ. 

ახალი ამბების სააგენტო „ტოპნიუსს“ მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ სახელით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენისა და კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მუქარის ფაქტებზე საუბრობენ. 

ნანა თვალაძე და შორენა შალიკიანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან, რომლებიც ახლა ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალების დახმარებას ცდილობენ. ხოლო დავით გიორბელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, რომელსაც ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ ავიწროვებს, რომ მათთან თანამშრომლობასა და „ნაციონალური მოძრაოის“ ოფისიდან ინფორმაციის მიწოდებაზე დავითმა სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებს უარი უთხრა. 

ადამიანები, რომლებმაც ახალი ამბების სააგენტო ტოპნიუსს დახმარებისთვის მიმართეს, ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კონკრეტულად რა საფრთხეზეა საუბარი, აღნიშნულის შესახებ რესპონდენტები თავად ისაუბრებენ.

-მოგესალმებით! მადლობა, რომ ნდობას უცხადებთ ჩვენს სააგენტოს. ამბობთ, რომ თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია და ითხოვთ რეაგირებას. რა საფრთხეზეა საუბარი და ვისგან ან რისგან მომდინარეობს საფრთხე?

ნანა თვალაძე: მოგესალმებით! მე ვარ ძალადობის მსხვერპლი ქალი. ქალი, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გამოიარა ამ დრომდე, თუმცა არ შეუშინდა დაბრკოლებებს და დღემდე მოვედი, თუმცა დღეს ძალიან მეშინია, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარია მუდმივად იყოს ქვეყნის სათავეში და ასიამოვნოს მხოლოდ ის კრიმინალები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებას ეხმარებიან და მის დავალებებს ასრულებენ. ერთ-ერთი ასეთი, ხელისუფლებასთან დაახლოებული, გავლენიანი ბიზნესმენია ჩემი მაზლი კახაბერ იდაძე. ჩემი მაზლისთვის მიუღებელი ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა. მისთვის მიუღებელია ის, რომ მე დავდივარ და ვცდილობ დავეხმარო ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს-იქნება ეს უფასო იურიდიული, სამედიცინო დახმარება თუ უბრალოდ ქუჩაში დარჩენილი მსხვერპლის შეფარება. მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ასევე დავდივარ აქციებზე, სადაც ამ ქვეყნის ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ამ ქვეყანაში არ ძალადობდნენ ქალებზე და არ კლავდნენ მათ. დიახ, ხელისუფლებაა თითოეული გარდაცვლილი ქალის საქმეზე პასუხისმგებელი და თითოეული ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე მათ კისერზეა. ჩემი მაზლისთვის მიუღებელია ის, რომ მე აქციაზე ვდგავარ და ხელისუფლებას აუგად ვიხსენიებ. ის ამბობს, რომ დიდი ბიზნესი და გავლენები „ქართული ოცნების“  წყალობით აქვს და ჩემს გამო, არც ერთის დაკარგვას არ დაუშვებს.

ჩვენს შორის მდგომარეობა განსაკუთრებულად მაშინ დაიძაბა, როდესაც ჩემმა ქმარმა ოთახში გამომკეტა, ჩემი ცოცხლად დაწვა სცადა და მე დახმარებისთვის პოლიციას მივმართე. ჩემი მოძალადე ქმარი, რომელიც მთელი ცხოვრება მამწარებდა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ჩემი მაზლის გავლენების წყალობით, ისევ სახლში გამოუშვეს. მას შემდეგ რაც მე და ჩემმა მეგობრებმა-შორენა შალიკიანმა და დავით გიორბელაშვილმა ჩემი საქმის პროკურორთან მივედით და ვუთხარით, რომ უკანონობისთვის ის აუცილებლად აგებდა პასუხს, ჩემმა მაზლმა დაგვიბარა და მის მეგობარ კრიმინალებთან ერთად, პირობები წამოგვიყენა: მე საჩივარი უკან უნდა გამოვიტანო და ყოველგვარ მოხალისეობრივ საქმიანობაზე უარი ვთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი და ჩემი მეგობრების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით მემუქრება. მართლა შოკი მივიღეთ, როდესაც ტელეფონში, ჩვენი თვალებით, ჩვენი პირადი ცხოვრების კადრები გვაჩვენეს. ქვეყანაში რამდენი პრობლემაა, რამდენ ადამიანს უჭირს და ესენი კიდევ რისთვის იცლიან, ჩვენს პირად ცხოვრებას დარაჯობენ. 

შორენა შალიკიანი: არ ვიცი რა ვთქვა. როგორც ნანა, ისევე მეც, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ. მე ასევე ვმუშაობ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული დახმარების საერთაშორისო ცენტრში ბენეფიციარებთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად. ცენტრში რომ მოდის ადამიანი, მე ვარ პირველი, ვინც მას ხვდება, ისმენს მის ისტორიას, ყველა ისტორია ერთმანეთზე უარესია და ვერ აგიღწერთ როგორ ცუდად მხდის ამ ისტორიების მოსმენა და ასმაგად განვიცდი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი. მე და ჩემს მეგობრებს არ გამოგვიტოვებია არც ერთი ის აქცია, სადაც საშუალება გვქონდა ხელისუფლებისთვის მიგვემართა და გვეთქვა, რომ უნდა შეწყდეს ქალებზე და არა მხოლოდ ქალებზე ძალადობა ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლება რომ ქმედით ნაბიჯებს დგამდეს, დღეს ასეულობით ქალი გარდაცვლილი არ გვეყოლებოდა ქვყანაში, თუმცა ხელისუფლებას სად სცალია მათთვის. მას ურჩევნია ყველა ის ადამიანი დევნოს, ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში სასიკეთო და სასარგებლო საქმე აკეთოს. 

ჩვენ ვიყავით სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერ აქციაზე, ვიყავით აქციებზე, სადაც ხელისუფლებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სახელით ვესაუბრებოდით. თბილისში, ნანას საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად თავშესაფარი მოვაწყვეთ. თუ გავიგებდით, რომ რომელიმე ქალი ქუჩაში რჩებოდა და წასასვლელი არსად ჰქონდა, მოგვყავდა, ღამეს ათევდა, საკვებს იღებდა. საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლ ქალებს მივყვებოდით იურისტებთან. ამის გამო ნანას სახლის დემონტაჟი მოსთხოვეს, ხოლო მე ის ერთადერთი აფთიაქი დამახურინეს ქუთაისში, რომელსაც 2015 წლიდან ვამუშავებდი და რომელიც ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. 

ჩვენი საქმიანობა ყოფილა სამარცხვინო. სამაგიეროდ, ღირსეული საქმიანობა ადამიანების თვალთვალი, მათი დაშინება და მათი პირადი ცხოვრების კადრების ფრიალია. 

იმის გამო, რომ 2024 წელს არჩევნებია მოსაგები, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ნანას მაზლმა კახაბერ იდაძემ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელია, განსაკუთრებითთ მისი რძლის და რძლის მეგობრების მხრიდან. იმის გამო, რომ უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭეთ და რეაგირებას ვითხოვთ, გვემუქრებიან, რომ ჩვენი პირადი ცხოვრების კადრებს გამოაქვეყნებენ, თუ ჩვენ მოხალისეობრივ საქმიანობას არ შევწყვეტთ და ნანა მისი ქმრის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს უკან არ გამოიტანს.

ორი შვილი მყავს, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ჩემს სიცოცხლეზე რომ არაფერი ვთქვა, მათ რა ვუყო? არ მჯეროდა, ყურებს არ ვუჯერებდი, თუმცა საკუთარი თვალით ვნახე, ჩვენი პირადი ცხოვრების კადრები ტელეფონით გვაყურებინეს. მართლა აღარ ვიცი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს საგიჟე. წარმოგიდგენაით ხელისუფლებას რისთვის სცალია? აგროვებს პირადი ცხოვრების კადრებს იმისთვის, რომ მერე დააშანტაჟოს და რაც მას უნდა, ის გააკეთებინოს. 

დავით გიორბელაშვილი: წლებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ვარ. მარტო არჩევნებზე მაქვს იმდენი უბედურება ნანახი, სულ ვამბობდი, „ქართულმა ოცნებამ“ მეტად როგორ უნდა გამაკვირვოს-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. იმას მიჩვეული ვარ, რომ შეუძლიათ გზაში უმიზეზოდ გამაჩერონ, დამაჯარიმონ, ჩამომართვან მართვის მოწმობა. ავარიაც კი მომიწყვეს იმის გამო, რომ მათთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი და არ დავთანხმდი იმას, რომ მათთვის მემუშავა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან მათთვის ინფორმაციები მიმეტანა. ამის გამო წყალტუბოს გზაზე ისეთი ავარია მომიწყვეს, რომ 3 თვე საავადმყოფოში ვიყავი და თავიდან ამაწყვეს. ერთი წელი დაჭირდა რეაბილიტაციას. თავიდან ვისწავლე სიარული. ახლა რაც გააკეთეს მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე ხელისუფლებას კრიტიკა არ მოსწონს და მოძალადემ, რომელიც ხელისუფლების მეგობარი ბიზნესმენის ოჯახის წევრია, დანაშაულზე პასუხი არ უნდა აგოს. ეს არის მარაზმი. მე, როგორც მოქალაქე ამ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ ვგრძნობ. როგორ ვიქნები დაცული, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ჩემს უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, ჩემი დარაჯობით და ჩემი პირადი ცხოვრების ფარულად, უკანონოდ და უნამუსოდ ჩაწერითაა დაკავებული. 

ახლა უნდათ ამ კადრებით გაგვაჩერონ და ამ კადრებით გვეთამაშონ. ავიყვანეთ ადვოკატი. გვინდა მივმართოთ გენერალურ პროკურატურას, სახალხო დამცველს, ყველა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომ მსგავს ფაქტებზე რეაგირება იყოს მყისიერი. საარჩევნო წელია და კარგად ვიცი რას ნიშნავს საარჩევნო წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ხომ გითხარით, არჩევნებზე იმდენი სიბინძურე მაქვს ნანახი, მეგონა არაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ ფაქტია გამაკვირვეს. არ ვაპირებთ, რომ მათი მუქარები შევასრულოთ. გვყავს ადვოკატი და მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას. აუცილებლად მოვითხოვთ პირადი ცხოვრების ფაქტების უკნონოდ მოპოვების საქმის გამოძიებას და მასში მონაწილე ყველა პირის კანონის შესაბამისად დასჯას. 

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს საბოლოოდ გვაქციოს რუსეთის გუბერნიად. ამიტომაც უნდათ მიიღონ ჩვენ ქვეყანაში "აგენტების შესახებ" კანონი და კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილებები, რომლითაც ამ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებენ და ხალხს გზას გაუხსნიან იმისთვის, რომ განსხვავებული ადამიანები ჩაქოლონ. 

მივმართავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას: შეეშვით ჩვენი, განსხვავებული პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების კონტროლს და მიხედეთ გაჭირვებულ ხალხს, კორუფციას, ნეპოტიზმს და კრიმინალს ამ ქვეყანაში. მე და ჩემი მეგობრები დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას, კიდევ უფრო დიდ ბრძოლას იმისთვის, რომ ზეწოლის, შანტაჟის და ადამიანების გაუბედურების ყველა ფაქტი საჯარო გავხადოთ, ყველა ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებამდე მივიდეს. 

15-04-2024, 16:18
უკან დაბრუნება