იმერეთში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველი ოლიმპიადის — „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ რეგიონული ტურნირი გაიმართა. გამოვლინდნენ რეგიონის ჩემპიონი და საპრიზო ადგილების მფლობელები.
რეგიონის ჩემპიონი, ოქროს მედლისა და თასის მფლობელი სერგო გაბუნია გახდა. იგი ქუთაისის სკოლა მერმისის ჭადრაკის პედაგოგია. მეორე ადგილი ნინო გუმბერიძემ დაიკავა, რომელიც ქუთაისის მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელია, ხოლო მესამე ადგილი ალეკო გოლეთიანს ერგო, იგი ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ასწავლის ჭადრაკს.
ტურნირის საპრიზო ადგილების მფლობელი მასწავლებლები შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. რეგიონული ტურნირების გამარჯვებული 12 მასწავლებელი 9 დეკემბერს თბილისში, ოლიმპიადის ფინალში შეხვდება ერთმანეთს.
ფინალში გამოვლინდებიან ოლიმპიადის პრიზიორები, პირველი ჩემპიონი და „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მფლობელი.
ჭადრაკის მასწავლებელთა პირველი ოლიმპიადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით ტარდება. მისი მიზანია ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და ჭადრაკის პოპულარიზაცია.