ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად კონტუათის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი საბავშვო ბაღის შენობის პროექტი განიხილეს.
პროექტის ფარგლებში არსებული შენობის დემონტაჟი მოხდება. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იანვრიდან დაიწყება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სოფელში მცხოვრებ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, სკოლამდელი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს. კონტუათში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროექტის განხორციელებით შევქმნით უსაფრთხო, კეთილმოწყობილ და ბავშვების საჭიროებებზე მორგებულ სივრცეს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას“,- აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.
სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტი ითვალისწინებს კეთილმოწყობილი ეზოს მოწყობასაც, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.