ხარაგაულში, მოლითი–ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერ კობა ლურსმანაშვილთან და საკრებულოს თავმჯდოამარე მანანა ბარბაქაძესთან ერთად, მოლითი–ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
25-კილომეტრიან გზაზე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ასფალტირებული, ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის სრულად მოეწყო.
ამ დროისთვის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მხოლოდ 700-მეტრიან მონაკვეთზე, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა.
პროექტი ითვალისწინებს 13 ახალი ხიდის, 109 წყალგამტარი მილის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობას.
მოლითი–ჩუმათელეთის მონაკვეთი ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზის ნაწილია, რომლის პირველი, ძირულა–მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ–დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტის ღირებულება 105,6 მილიონი ლარია.