კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
თეატრის შენობის მდგომარეობისა და სარეაბილიტაციო საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს თეატრის დირექტორმა გიორგი თავაძემ გააცნო.
თეატრის უნიკალური კომპლექსი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული დრამატული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება, ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული გამოწვევების მოგვარების, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობისა და თეატრალურ ცხოვრებაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
კულტურის მინისტრთან ერთად თეატრში იმყოფებოდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.