კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის წევრთან ზაზა ლომინაძესთან ერთად, ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდა. მინისტრს მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ გააცნო.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუცია და განძთსაცავია. მუზეუმში დაცულია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები.
მუზეუმის განახლების პროექტის ფარგლებში, „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილია 452.12 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები. სამუშაოების განხორციელების შედეგად, განახლდება მუზეუმის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს უნიკალური ისტორიული ექსპონატების საიმედო დაცვას, კონსერვაციასა და შენარჩუნებას თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად.
მასშტაბური პროექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში შექმნის კიდევ უფრო მიმზიდველ, თანამედროვე და კომფორტულ სივრცეს ადგილობრივი ვიზიტორებისა და უცხოელი ტურისტებისთვის.