კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
სამუშაოების მიმდინარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა მიაწოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია. წლების განმავლობაში ტაძარს წყალი და ტენი აზიანებდა. დღეს მას ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს. მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გამაგრებულია, მოზაიკა სტაბილურია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი. პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები შესრულებულია.
სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა სახელმწიფოს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით ხორციელდება. სამუშაოები საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული ერთიანი საკონსერვაციო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციებს ეფუძნება. პროცესში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ.
გელათის სამონასტრო კომპლექსში ასევე იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი, ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, პირველი მოადგილე თეა ონიანი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.