კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდნენ.
მუზეუმის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ვანის მუზეუმის დირექტორმა, ომარ გაბუნიამ გააცნეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და მუზეუმის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე. საუბარი შეეხო თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული მომზადების მნიშვნელობას.
მუზეუმში ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ნაქალაქარზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი მუზეუმია.