TOP-NEWS.GE / DMO იმერეთი ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ტურში

DMO იმერეთი ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ტურში

 25–31 ოქტომბერს, CENN-ისა და International Partnerships Austria-ს თანამშრომლობით, ავსტრიაში შვიდდღიანი საგანმანათლებლო ტური გაიმართა, რომელშიც საქართველოს 13 წარმომადგენელთან ერთად იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამაც (DMO იმერეთი) მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის მთავარი მიზანი ავსტრიული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება იყო  ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერისა და ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

 პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს ქალაქ ბად ფიოზლაუს მერთან -კრისტიან ფლამერთან და ვსტრიის რეგიონული ტურიზმის მართვის ორგანიზაციის - „Salzkammergut Tourismus Marketing GmbH“-ის, ტრუნზესა და ალმტალის ტურისტული მიმართულების წარმომადგენელსა და ალმტალის ოფისის ხელმძღვანელთან შტეფან შიმპლთან,  ადგილობრივ მეწარმეებთან, ფერმერებთან და ტყის პედაგოგიკის სპეციალისტებთან.

პროფესიული გამოცდილების გაზიარება მოიცავდა ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის თანამედროვე მიდგომებს, ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას, სოფლის ბიზნესის განვითარების მოდელებს, ბუნებრივ გარემოში საგანმანათლებლო აქტივობებსა და აქტიური ტურიზმის ინფრასტრუქტურის მართვას.

სასწავლო პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო: ბიოპროდუქციის წარმოება და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;  ბუნების პარკები, ველოტურიზმი და სამთო ველობილიკების მოწყობა-მართვა; ტყის პედაგოგიკა და ბუნებრივ გარემოში სწავლების მეთოდები;  ბუნებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი - Green Care და ტყის თერაპია.

"DMO იმერეთისთვის მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რეგიონის მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო, ტყის რესურსები და სოფლის ტურისტული პოტენციალი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ეკოტურიზმის, აქტიური დასვენების, ადგილობრივი მეწარმეობისა და ბუნებაზე დაფუძნებული ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის.
ავსტრიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ხელს უწყობს ამ შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და იმერეთში მდგრადი ტურიზმის განვითარების ახალი პერსპექტივების ჩამოყალიბებას,"-აცხადებენ DMO იმერეთ-ში.

დღეს, 15:18
უკან დაბრუნება