TOP-NEWS.GE / "თერჯოლობა 2026"-სოფლების პავილიონები, პერფომანსები, მოსიარულე ორკესტრი და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება

"თერჯოლობა 2026"-სოფლების პავილიონები, პერფომანსები, მოსიარულე ორკესტრი და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული-„თერჯოლობა 2026” გაიმართა. მოეწყო შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, სოფლებისა და თემების ტრადიციული პავილიონები, შედგა პერფორმანსები, წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები. 

გაიმართა ქუჩის თეატრალური წარმოდგენები, მოსიარულე ორკესტრი, საბავშვო შოუ-პროგრამები და საზეიმო მსვლელობა თერჯოლის ქუჩებში ცხენოსნებითა და ფაიტონით, მეარღნის თანხლებით; სახის მოხატვა, ინტერაქტიული ფოტო - სარკე (photo mirror),  ფოტო-ვიდეოს გადაღება Gifit აპარატით, თემატური ფოტოზონები, მრავალფეროვანი საბავშვო ატრაქციონები.  სახალხო დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი საბავშვო კონცერტი.

თერჯოლაში, სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად, გამორჩეული, ღვაწლმოსილი და წარმატებული თერჯოლელების  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2026  წელს საპატიო მოქალაქე  ექვსი თერჯოლელი გახდა.  ჯილდოები მათ მერმა მანუჩარ რობაქიძემ, პარლამენტის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძემ გადასცეს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

"საპატიო თერჯოლელის" ტიტული  გადაეცა:  შსს საპატულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსს ამირან ვერულაშვილს, შსს რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის (ოპერატიული) სამმართველოს უფროსს ლაშა ალფაიძეს, ღვაწლმოსილ მეეზოვე მზია გაბრიაძეს, ღვაწლმოსილ მშენებელ ზურაბ წივწივაძეს, ღვაწლმოსილ ფარმაცევტ იზა მაჩიტიძეს და ღვაწლმოსილ პედაგოგ  ივანე კვახაჭელიძეს.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, პრიზებით დაჯილდოვდნენ ასევე უმაღლესი ქულების მქონე პირველკურსელები. მადლობის სიგელები და პრიზები გადაეცათ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილე წარმატებულ  სპორტსმენებს და თერჯოლელ მეღვინეებს.

სადღესასწაულო ღონისძიებებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, პარლამენტის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი,  მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო  ჩაფიჩაძე და მერის  მოადგილეები ესწრებოდნენ. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ასევე მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები.

დღეს, 12:57
უკან დაბრუნება