ქუთაისი გეოგრაფიულად საქართველოს გულში მდებარეობს, თბილისი კი სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ცენტრია. ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ყოფილიყო. ამიტომ გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი ჩვენი დედაქალაქი იყოს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. მისი თქმით, სურვილი აქვს მადლობა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაში საკუთარი სახსრებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩადო, შემდეგ კი უნივერსიტეტი სახელმწიფოს გადასცა.
"ქუთაისის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული დანიშნულება განათლებისა და კულტურის ცენტრის როლის შესრულებაა. ამ მიმართულებით ქალაქში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ხორციელდება. ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საგანმანათლებლო რეფორმა, რომელსაც განათლების სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ახორციელებს. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოიხატა ჩვენი ქალაქის უნივერსიტეტების მიმართ.
ამასთანავე, მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაში საკუთარი სახსრებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩადო, შემდეგ კი უნივერსიტეტი სახელმწიფოს გადასცა. ეს არ არის ერთჯერადი ქველმოქმედება, არამედ მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში და რომელიც მომავალშიც სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინსვლაში.
ასევე, მინდა ვისაუბრო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ციფრული უნარებისა და ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავებას. ეს არის სივრცე, რომელიც ჩვენს თანაქალაქელებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და თანამედროვე პროფესიების დაუფლებაში ეხმარება. ტექნოლოგიური ჰაბი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის თანამედროვე, ინოვაციურ და ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ქალაქად ჩამოყალიბების გზაზე,"- ამბობს გიორგი ჭიღვარია.