გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სოფელ ხვანჭკარაში მდებარე ღვინის საწარმოს საქმიანობასა და ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო.
მიმდინარე წლის რთველის სეზონზე საწარმომ ადგილობრივი მევენახეებისგან 90 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი შეისყიდა. ღვინის საწარმო „ხვანჭკარა” ყურძნის მიღებას კვლავ აგრძელებს.
„რაჭაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხიანი ყურძნის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მევენახეებისთვის მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ხელს უწყობს ღვინის მწარმოებელი კომპანიების დაინტერესებას, შეისყიდონ ადგილობრივი მევენახეების მიერ მოწეული ყურძენი. რაჭაში მოქმედი სუბსიდირების პროგრამა კერძო საწარმოებისთვის დამატებითი სტიმულია გადაამუშაონ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ღვინის საწარმოს „ხვანჭკარა“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, საწარმოსთვის ყურძნის ხარისხი პრიორიტეტულია. მისივე განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდირება კერძო კომპანიებს ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას უზრდის და მევენახეებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებაში ეხმარება.