იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ზალკალიანის ხელმძღვანელობით, დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუეიჭოუს პროვინციის ქალაქ გუეიანგში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუეიჭოუს პროვინციის გუბერნატორ ლი ბინძიუნისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმერეთსა და გუეიჭოუს პროვინციას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე, ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებაზე. საუბარი შეეხო არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტს, არამედ ერთობლივი საწარმოების, ახალი წარმოებებისა და ურთიერთსასარგებლო ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. ამასთან, ჩინურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია იმერეთის საინვესტიციო უპირატესობების, ადამიანური რესურსების, ბუნებრივი და კულტურული პოტენციალის შესახებ.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ტურიზმისა და მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობას. საუბარი შეეხო იმერეთის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, რეგიონის კურორტებს, თერმულ წყლებსა და სხვა ბუნებრივ და ტურისტულ რესურსებს, ასევე ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე იმერეთის უფრო აქტიურად პოპულარიზაციის შესაძლებლობას.
ვიზიტის ფარგლებში იმერული ღვინო წარმოდგენილი იყო ჩინეთის (გუეიჭოუს) ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენაში (China (Guizhou) International Alcoholic Beverages Expo – CIABE), სადაც ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი. მან ისაუბრა ქართული ღვინის წარმოების 8 000 წლიან ისტორიაზე, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციასა და ამ ტრადიციის უწყვეტობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმერეთს, როგორც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეღვინეობის რეგიონს, მის განსხვავებულ კლიმატურ პირობებს, ადგილობრივ ვაზის ჯიშებსა და იმერული ღვინის მახასიათებლებს. გამოსვლისას ხაზი გაესვა იმერული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და ჩინეთის ბაზარზე მისი პოპულარიზაციის მნიშვნელობას.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ დაინტერესებულმა პირებმა დაათვალიერეს საერთაშორისო გამოფენა, მათ შორის იმერეთის საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო იმერული ღვინო, რეგიონის ტურისტული და საინფორმაციო მასალები.
ვიზიტი ჩინეთის (გუეიჭოუს) ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე განხორციელდა.