იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გამართულ რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.
ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო KIU-ს სკოლების სტუდენტთა სამეცნიერო და STEM მიმართულების პროექტები.
სამეცნიერო ფესტივალის სივრცეში მოეწყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო და შემეცნებითი კუთხეები. ფესტივალში მონაწილეობდა Horizon EU ოფისი და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტები - რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიღწევებისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ. ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რეგიონული საგანმანათლებლო ფესტივალი მიუძღვნა მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილეს, რასთან დაკავშირებითაც მოხსენება გააკეთა გიორგი ნიკოლაძის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, KIU-ს პროფესორმა ალექსანდრე მესხმა.
ფესტივალის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, KIU-ს სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია - „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რეგულირების ტენდენციები“.
ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერება და მეცნიერების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.