ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
აეროპორტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებაზე აეროპორტის 14 წლის იუბილესთან ერთად, Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსებიდან 10 წლისთავიც აღინიშნა.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა. საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დასასრულს უახლოვდება ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, რაც შორ მანძილზე საჰაერო კავშირების გაფართოების შესაძლებლობას შექმნის.