"188 საჯარო სკოლამ წელს ვერცერთი პირველკლასელი ვერ მიიღო. 727 საჯარო სკოლაში შევიდა 5 ან 5-ზე ნაკლები პირველკლასელ“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დემოგრაფიული კოლაფსია და მონაცემები წლიდან წლამდე უარესდება.
„21-ე საუკუნე ქვეყანაში დაიწყო ბუნებრივი კლებით. 2000 – 2007 წლამდე იყო ბუნებრივი კლების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი დაიწყო 2020 წლიდან და დღემდე გრძელდება. ამ ფონზე კი გვაქვს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. ამ დროს ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, როდესაც ქვეყანაში ბუნებრივი კლებაა?
ამავე დროს გვაქვს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ქვეყნიდან ყოველ წელს გადის სულ უფრო მეტი ქართველი და მათ ადგილს იკავებენ უცხოელები. 2023 წელს ემიგრაციის პიკი იყო, საქართველოდან 73 625 ადამიანი გავიდა და შემოვიდა 34 ათასამდე ადამიანი და უარყოფითი სალდოც დაფიქსირდა. ამავე 2023 წელს, დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა - გამოვკითხეთ 2000 ოჯახი საქართველოს ყველა რაიონში და აღმოჩნდა, რომ ყოველი მეოთხე ოჯახში იყო ემიგრაციაში წასული წევრი. ბევრგან კი არამარტო წევრი, არამედ მშობლები და ბავშვებიც წასულები იყვნენ. 0-14 წლამდე 2023 წელს, 35% წავიდა საქართველოდან, 2024 წელს - 10.3%, 2025 წელს - 9%. აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები მშობლებთან ერთად არიან წასულები და მათი დიდი ნაწილი უკან დაბრუნებას აღარ აპირებს“ - განაცხადა დემოგრაფმა.
მას ასევე შრომისუნარიან და რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ადამიანებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება შრომისუნარიან და რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ადამიანებს, სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ: 2022 წელს ასეთი ადამიანების 65%-მა დატოვა ქვეყანა, 2023-ში - 50%, 2024 წელს - 66%, 2025 წელს - 65%. ეს არიან ადამიანები, ვისაც ოჯახი ან ჯერ არ აქვთ შექმნილი, ან აქვთ და გააჩინეს 1 ან 2 ბავშვი და ფაქტობრივად, რეპროდუქციული ქცევა დაამთავრეს“ - აღნიშნა მან.
დემოგრაფის თქმით, ამ ყველაფერს ემატება სულ უფრო მეტი დაცარიელებული სოფელი და წლევანდელი სასწავლო პროცესის საკმაოდ უარყოფითი დეტალი, რომლის თანახმადაც წელს 188 საჯარო სკოლამ პირველკლასელები ვერ მიიღო.
„კიდევ უფრო უარესია ის ფაქტი, რომ თუ წლების განმავლობაში, სტატისტიკა იყო ასეთი, რომ ქალაქში ნაკლები ბავშვი იბადებოდა, ვიდრე სოფელში, დღეს სოფლები ცარიელდება. თუ 2014 წლის აღწერის მიხედვით 223 სოფელი იყო ცარიელი, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობდა, ახალი აღწერით ამ მონაცემებს 200 სოფელი დაემატა. დაცარიელებული სოფლების რაოდენობით, შესაძლოა, ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ვიყოთ, ვიღაცამ ამ მიმართულებით კვლევა რომ ჩაატაროს.
წლევანდელი სასწავლო წლის კიდევ ერთი საგანგაშო მაჩვენებელია სასწავლო პროცესის სტატისტიკა, 1-ლი კლასელების მონაცემებს საჯარო სკოლებში. 188 საჯარო სკოლამ წელს ვერცერთი პირველკლასელი ვერ მიიღო. 727 საჯარო სკოლაში შევიდა 5 ან 5-ზე ნაკლები პირველკლასელი. ამასთან, პირველ კლასში ხომ შედის 6 წლის ბავშვი. 6 წლის წინ უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობა იყო, ეს კი ნიშნავს, რომ 6 წლის მერე ამ სკოლების რიცხვს კიდევ ბევრი შეემატება“ - განაცხადა დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა გადაცემაში „თქვენი დრო“.