წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება პატარებსა და პედაგოგებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა)იპ „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელ გიორგი იობიძესთან ერთად, ქალაქის N1 და N3 საბავშვო ბაღები დაათვალიერა, გაეცნო არსებულ პირობებსა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
„მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღებში პატარები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში იღებენ სკოლამდელ განათლებას. მოწესრიგებულია შიდა სივრცეები, კომუნიკაციები, სველი წერტილები, საკლასო და საძინებელი ოთახები. შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. მინდა, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო აღსაზრდელებსა და მათ პედაგოგებს,“- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
ა(ა)იპ „წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანება“ 25 საბავშვო ბაღს აერთიანებს, რომლებშიც 1 200 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.