რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილეებთან — ალუდა თუთისანთან და ლევან ჯმუხაძესთან, ასევე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი გაზდელიანთან ერთად, დაბა ლენტეხში ჯოკია მეშველიანის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი დასრულების ეტაპზეა. მისი განხორციელების შედეგად სკვერში მოეწყო თანამედროვე რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები, სასეირნო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები. ასევე, ტერიტორია ადაპტირდა სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისთვის — მოეწყო ბეტონის კიბეები და პანდუსები. სკვერში დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 541 614 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო საჯარო სივრცეების შექმნისთვის.
„მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან კეთილმოწყობილი და თანამედროვე საჯარო სივრცეები ხელს უწყობს, როგორც დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ისე მუნიციპალიტეტის საერთო იერსახის განვითარებას. ჩვენი მიზანია, რეგიონში კიდევ უფრო მეტი ასეთი სივრცე შეიქმნას, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იქნება“, — განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.