77 წლის თამაზ გაბუნიას ოჯახმა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის წინააღმდეგ საჩივრით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართა.
როგორც პაციენტის შვილი ეთო გაბუნია ახალი ამბების სააგენტო top-news.ge-სთან ამბობს, თამაზ გაბუნია კლინიკაში გულის უკმარისობით შეიყვანეს, სამედიცინო დაწესებულებიდან კი შშმ პირი წამოიყვანეს.
“კლინიკებში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის თუ არა დაცული, როცა შეგყავს გულის უკმარისობით პაციენტი და იქედან გატნევენ შშმ პირს?‼️‼️‼️ოჯახს არც გეუბნებიან, რომ პაციენტი დავარდა და მენჯის ძვალი მოიტეხა. ასევე, თავიც გატეხილი აქვს 77 წლის მამას, რომელიც გულის უკმარისობით მოვათავსეთ ქუთაისში აღნიშნულ კლინიკაში და 31 აგვისტოს სახლში ასეთ მდგომარეობაში გამოგვატანეს.
კაცი, რომელიც მიუხედავად გულის ქრონიკული დაავადებისა, გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, თავად იცავდა ჰიგიენას, იკვებებოდა დამოუკიდებლად, მაგრამ კლინიკაში სულ რაღაც 4-დღიანი "მკურნალობის" მერე სახლში მოვიყვანეთ შშმ პირი მენჯის ძვლის მოტეხილობით და მძიმე ფსიქოემოციური ფონით. კაცი, რომელიც შვილებსაც ვეღარ გვცნობს.
არანაირი თანაგრძნობა მედპერსონალის მხრიდან. არანაირი ვალდებულების აღება პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარზე ან ჰიგიენურ საშუალებებზე, ექთნის საჭიროებაზე. გარდა იმისა, რომ წაიყვანეს მეორე დღეს და თაბაშირში ჩაუსვეს მენჯი... მამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ მინდა იცოდეთ ამ კლინიკის უსინდისო ზოგიერთ მედპერსონალზე, რომლებზეც აქამდე დიდ იმედებს ვამყარებდით.
P.S. საქმის კურსშია სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ველოდებით მათგან საქმის შესწავლას და მკაცრ რეაგირებას,”-ამბობს ეთო გაბუნია.
ახალი ამბების სააგენტო top-news.ge მომხდართან დაკავშირებით კომენტარისთვის კლინიკას დაუკავშირდა.
“ეს თემა სასამართლოში წავა იურისტების მეშვეობით. კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. რამდენ ტალახს ისვრის ვინმე, ყველაფერზე პასუხის გაცემას და თავის მართკების რეჟიმში გადასვლას არ ვაპირებთ. არ გვინდა დავიდეთ მათ დონეზე. სიმართლე არავის დაეკარგება და არც არავის გავუტარებთ ცილისწამებას. პოზიცია დაფიქსირდება, მაშინ როდესაც კლინიკა ჩათვლის საჭიროდ,”-აცხადებენ კლინიკაში.