"ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართეს. მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს.
"ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა.
წალკის საარჩევნო ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს: იმერას, ბარეთს, საბეჭისსა და ლივადს, "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატი იქნება ზაზა შანთაძე.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში კოალიციას ბექა კოპალაძე წარმოადგენს.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში კი "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი იქნება.
"ძლიერი საქართველო" არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს მარტო და არც ერთი ადამიანის ინტერესს არ დათმობს. სადაც მოქალაქეა, იქ უნდა იყოს მისი პოლიტიკური წარმომადგენელიც, ჩვენი მთავარი ვალდებულება ადამიანების ინტერესების დაცვაა. ავტორიტარული რეჟიმი არაფერს თმობს ბრძოლის გარეშე, ეს ბრძოლა ყველა პოლიტიკურ სივრცეში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ "ლელო" არ ტოვებს ბრძოლის არც ერთ ველს. ჩვენ ერთდროულად ვაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო მიმართულებით, საზოგადოებრივ პროტესტში, ინსტიტუციურ სივრცეში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და რა თქმა უნდა, არჩევნებში,”-აცხადებენ პარტიაში.