TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული სწავლას იტალიაში გააგრძელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული სწავლას იტალიაში გააგრძელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის პროგრამის (ბაკალავრიატი) კურსდამთავრებული ნინო აბრამიშვილი, Ca’ Foscari University of Venice-ის (იტალია) Data Analytics for Business and Society-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

 ნინო აბრამიშვილი: „აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს ჩემი ინტერესის ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ბიზნესი და მონაცემთა ანალიტიკა. ოთხი წლის განმავლობაში KIU-ს ინგლისურენოვანმა აკადემიურმა გარემომ, თეორიულმა და პრაქტიკულმა სწავლებამ, მომცა შესაძლებლობა თავისუფლად მემუშავა შესაბამის ლიტერატურასთან, დამეძლია სირთულეები და გამომევლინა ანალიტიკური და კვლევითი უნარები. ამ გამოცდილებამ შემძინა თავდაჯერებულობაც, წარმატებით გამევლო Ca’ Foscari-ში მიღების პროცესი. ჩემი მიზანია, ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოვიყენო და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ბიზნესისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო“.

 KIU-ში სწავლის პერიოდში ნინომ ბიზნესისა და ფინანსების თეორიული ბაზა ტექნიკურ უნარებთან გააერთიანა; შექმნა მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები (Dashboards), როგორც შიდა პროცესების, ისე სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ტენდენციების გასაანალიზებლად. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ნინო აბრამიშვილი, ამჟამად, ერთ-ერთ კომერციულ კომპანიაში სხვადასხვა ორგანიზაციის ფინანსურ ოპერაციებსა და აღრიცხვებს მართავს. 

Ca’ Foscari University of Venice ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. მისი სამაგისტრო პროგრამა - Data Analytics for Business and Society, ორიენტირებულია მონაცემთა ანალიზის, სტატისტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე ეკონომიკურ და ბიზნეს პროცესებში, რაც სტუდენტებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო პრაქტიკულ უნარებს უვითარებს.  Ca’ Foscari აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო აკადემიურ შესაძლებლობებს.

გუშინ, 17:29
უკან დაბრუნება