TOP-NEWS.GE / ლენტეხი-ლასდილის ცენტრალურ გზაზე დროებითი ხიდი მონტაჟდება

ლენტეხი-ლასდილის ცენტრალურ გზაზე დროებითი ხიდი მონტაჟდება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 სამუშაოებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ეცნობა.

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია.

ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

გუშინ, 17:21
უკან დაბრუნება