TOP-NEWS.GE / ჭიათურის სოფელ ხრეითში ტრადიცია გრძელდება

ჭიათურის სოფელ ხრეითში ტრადიცია გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე სოფელ ხრეითში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს - „ხრეითობა 2026“ დაესწრო.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები გაიმართა  ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ბაგირის გადაზიდვაში. სოფელ ხრეითისა და ვაჭევის საზღვარზე კი დოღი ჩატარდა. ბავშვებისთვის კულტურის ცენტრთან არსებულმა მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა თოჯინური სპექტაკლი -„ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი“ წარმოადგინა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი და-ძმა ჯაფარიძეების მუზეუმის ეზოში გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, მხატვარ გოგი შეყილაძის ნამუშევრები, ასევე და-ძმა ჯაფარიძეების პირადი ნივთებისა და ფოტომასალის გამოფენა. 
წარმოდგენილი იყო ტრადიციული იმერული სამზარეულოც.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან  და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ლაბაძესთან ერთად, დააჯილდოვა ხრეითის საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ, ასევე  ღვაწლმოსილი ადამიანები და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები.

მუნიციპალიტეტის მერმა შეკრებილებს  სიტყვით მიმართა და „ხრეითობის“ დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაული ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.

„ხრეითობის“ დღესასწაული პირველად 2022 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.

გუშინ, 12:41
უკან დაბრუნება