ჭიათურაში ახალი საცხოვრებელი დასახლების შექმნის პროექტთან დაკავშირებით, “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” განცხადებას ავრცელებს.
“არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ, საზოგადოებას პროექტის მიზნებისა და განხორციელების პრინციპების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.
პროექტი განკუთვნილია იმ ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დაზიანებულია და მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროექტში ჩართვა არ გულისხმობს მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ქონების დათმობას. აღნიშნული ქონება კვლავ მათ საკუთრებაში დარჩება და დამატებით, კომპენსაციის სახით უზრუნველყოფილი იქნებიან ახალი საცხოვრებელი სახლებით.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი საბინაო მშენებლობასა და ურბანულ დაგეგმარებაში ულტრათანამედროვე ენერგოეფექტური და ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას, განახლებული საზოგადოებრივი თუ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ოჯახებისთვის კომფორტული, მომავალზე ორიენტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
პროექტში მონაწილეობა სრულად ნებაყოფლობითია და თითოეული ოჯახი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.
პროექტის დაგეგმვა და განხორციელება სრულიად გამჭირვალე იქნება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უშუალოდ ჩაერთვებიან პროექტში მონაწილე ოჯახები. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება პროექტთან დაკავშირებული საკითხები, ოჯახების საჭიროებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.
პროექტზე მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან სრული კოორდინაციით წარიმართება.
პროექტის მიზანია არა სოფლის დაცლა, არამედ დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახებისთვის დამატებითი, უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა,”-ნათქვამია განცხადებაში.