რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილე ალუდა თუთისანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უზუნთა–საჩხერე–შქმერი–ონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე პანორამული გადასახედის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 477 223 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. პროექტის შემდგომი განვითარება და სივრცის დამატებითი კეთილმოწყობა სამომავლოდაც იგეგმება.
„პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას, ვიზიტორებისთვის მიმზიდველი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი სივრცის შექმნას. პანორამული გადასახედი განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის, ისე აღნიშნული მარშრუტით გადაადგილებული ტურისტებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ეტაპობრივად ვითარდებოდეს ტურისტული ინფრასტრუქტურაც, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი შესაძლებლობების შექმნას და რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.